მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთაველებს დავუმტკიცებთ, რომ სუნი ჩვენგან არ მოდის“ - “თეთრი ქუდი” კომპოსტირებას შეწყვეტს

6318c6d50dcbb
გვანცა სანაია
07.09.22 22:35
3926
რუსთავში, სოკოს საწარმო "თეთრი ქუდი" კომპოსტირების (ნარჩენების აღდგენა) პროცესს 20 სექტემბრიდან შეწყვეტს. შეთანხმება ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საწარმოს მენეჯმენტს შორის დღეს შედგა.

საქმე იმაშია, რომ საწარმო რუსთავის შემოსასვლელში მდებარეობს და წლების განმავლობაში, რუსთაველები "თეთრი ქუდის" ტერიტორიაზე კომპოსტის წარმოებასა და მისგან მომდინარე უსიამოვნო სუნის პრობლემას აპროტესტებენ.

დღეს, საწარმოში რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კომპოსტირების პროცესი კვლავ საწარმოს ტერიტორიაზე ხდება. ამ წარმოების ქალაქიდან გადატანის პირობა კი "თეთრი ქუდის" მენეჯმენტმა, დაახლოებით, ერთი წლის წინაც დადო. მაშინ ითქვა, რომ კომპოსტის წარმოება რუსთავიდან მოშორებით გაგრძელდებოდა და რუსთაველებს უსიამოვნო სუნი აღარ შეაწუხებდა.

"გასულ წელს შევხვდით საწარმოს მენეჯმენტს, როცა საპარლამენტო საქმიანობას ვეწეოდი. მაშინ დაპირება იყო, რომ კომპოსტირების ნაწილი აქ, ადგილზე აღარ იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ამ ზაფხულშიც ყველამ ისევ ვიგრძენით უსიამოვნო სუნი ქალაქში. დღეს არის ეს მოთხოვნა, რომ 20 სექტემბრიდან კომპოსტირების ნაწილი ამ საწარმოს ტერიტორიაზე აღარ უნდა იყოს. აუტანელია უკვე ყოველდღე, ამ ბიზნესის გამო ცხოვრება ამ ქალაქში", - თქვა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„მივყვეთ პროცედურას, 20 სექტემბრიდან კომპოსტირების ნაწილი აქ აღარ უნდა იყოს. ამ შეთანხმებას შარშანაც მივაღწიეთ, მაგრამ თქვენმა კომპანიამ ეს შეთანხმება დაარღვია. 20 სექტემბრის შემდეგ ეს აღარ უნდა განმეორდეს. ბიზნესს ხელს შევუწყობთ, მაგრამ არა მოსახლეობის ხარჯზე", - უთხრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა საწარმოს ხელმძღვანელ პირებს დღევანდელ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, "თეთრ ქუდში" ხელისუფლების წარმომადგენლების პრეტენზიებს არ იზიარებენ, მაგრამ რუსთავში კომპოსტის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

"თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სუნი ჩვენი საწარმოდან არ მოდის, მაგრამ გვინდა, მოსახლეობას და ხელმძღვანელობასაც დავუმტკიცოთ, რომ ეს სუნი ჩვენგან არ არის", - უთხრა BM.GE-ს სოკოს საწარმო "თეთრი ქუდის" დირექტორმა ალექსი ბერიძემ და დასძინა, რომ ალტერნატიული ფართები უკვე შეარჩიეს.

"ტერიტორია, რომელსაც შევარჩევთ, რუსთავში საერთოდ არ იქნება. თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სუნი ჩვენგან არ არის, მაგრამ გვინდა, მოსახლეობას და ხელმძღვანელობასაც დავუმტკიცოთ, რომ ეს ასეა; როცა გადავიტანთ კომპოსტის წარმოების პროცესს მოშორებით, დარწმუნდებიან, რომ სუნი ჩვენგან არ მომდინარეობს. წინა წლის შეთანხმებას რაც შეეხება, ჩვენ შევამცირეთ კომპოსტის წარმოება და სუნიც აღარ ყოფილა ამ პერიოდში. ჩვენ მაშინაც ვფიქრობდით, რომ ეს სუნი ჩვენგან არ იყო და ამიტომ შევამცირეთ წარმოება. ვისურვებდი, რომ რუსთაველებს დისკომფორტი აღარ ჰქონდეთ, სამი კილომეტრია დაშორება ქალაქიდან, მცირედი სუნია ჩვენს საწარმოშიც, ეს ვერანაირად ვერ ჩამოვა რუსთავში", - თქვა Bm.ge-სთან საწარმო "თეთრი ქუდის" დირექტორმა ალექსი ბერიძემ.

ცნობისთვის: სოკოს საწარმოში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შემოწმება არაერთხელ ჩაატარა. 2021 წელს შემოწმების შედეგად, უწყებამ საწარმოს კომპოსტის წარმოების უფლება საერთოდ შეუჩერა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შპს "თეთრი ქუდი" კომპოსტის წარმოების მიზნით, საქმიანობას კვლავ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა. იყო დაჯარიმების შემთხვევებიც, განმეორებითი სამართალდარღვევისთვის საწარმოს 2020 წელს 20 000 ლარის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

საწარმო "თეთრი ქუდის" რუსთავში 2016 წელს გაიხსნა. საწარმოში ამ დროისთვის 150-მდე რუსთაველია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები