მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საინის" დაარსებიდან დღემდე, პროდუქციის წარმოება 4-ჯერ გაიზარდა - კომპანიის დამფუძნებელი

5f05e04ddf97b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.20 09:45
1519
კომპანია "საინი" ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს ანბანის ასო-ნიშანთა ორნამენტებით შემკულ ფაიფურის ჭურჭელს, სანათებს, ინტერიერის საავტორო ნივთებს, კერამიკულ ფილებს, ტექსტილს, სამკაულებს, სუვენირებსა და ექსკლუზიურ საჩუქრებს სთავაზობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებით მზადდება.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო სლეპჩენკო აღნიშნავს, მრავალი ცდის შემდეგ, მან მიაგნო ქართული ასოების ბრუნვის სრულიად ახალ ტექნოლოგიას, შედეგად კი, ულამაზესი ორნამენტები შეიქმნა. ეს უნიკალური ორნამენტები თავდაპირველად ფაიფურის ჭურჭელზე გადაიტანეს და შემდეგ უკვე სხვა ნაწარმის წარმოებაც დაიწყეს.

"ჩვენი მიდგომა არის ინოვაციურიც და ტრადიციულიც: ჩვენს პროდუქციაზე დატანილია ქართული ანბანის ასო-ნიშნები, მათი ბრუნვის შედეგად მიღებული ორნამენტები კი ახალი და უნიკალურია", - აცხადებს ნინო სლეპჩენკო.

კომპანიის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2015 წლის შემდეგ ბიზნესი განვითარდა და გაფართოვდა, რაშიც პირადი ფინანსური რესურსი ჩაიდო.

"სტუდიის დაარსებიდან დღემდე მოყოლებული, დაახლოებით 40 ათასი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, როგორც ბიზნესის განვითარებისათვის, ასევე პროდუქციის წარმოებისთვის. თავდაპირველად "საინი" მხოლოდ ორნამენტიან ფაიფურის თეფშებს აწარმოებდა, დღეს კი ამ ორნამენტებით 10-ზე მეტ სხვადასხვა საავტორო დიზაინერულ პროდუქტს ვქმნით. მაღალი კონკურენციის პირობებშიც კი "საინს" თავისი ნიშა გაუჩნდა ადგილობრივ ბაზარზე", - ამბობს "საინის" დამფუძნებელი.



კომპანიაში დღეისათვის 8 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საქმეში მუდმივად ჩართულია ხუთი ადამიანი. "დიდ შეკვეთებზე მუშაობისას მივმართავთ შტატგარეშე თანამშრომლებს. გუნდი მცირეა, მაგრამ შედგება პროფესიონალებისგან”, - აცხადებს ნინო სლეპჩენკო.

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, კომპანიას ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა და ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით არსებული გეგმები დააჩქარა.

"ყველასთვის რთული პერიოდი მოვიდა. პირველ რიგში, შემცირდა გაყიდვები და ინდივიდუალური შეკვეთები, თუმცა ამ ახალმა სირთულეებმა "საინისთვის" ახალი შესაძლებლობები გააჩინა. იცვლება გაყიდვის მეთოდები, ამ ეტაპზე ძირითადად საერთაშორისო ონალაინ ვაჭრობის გაზრდაზე ვართ მიმართულები.

მანამდე ჩვენ პროდუქციას ვქმნიდით ადგილობრივ და უცხო ქვეყნის შემსრულებლებთან თანამშრომლობით. გასაგები მიზეზების გამო, წარმოება შეფერხდა, რამაც დააჩქარა ჩვენი გეგმის განხორციელება - ადგილობრივი საწარმოს გახსნა, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შემქნის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე", - ამბობს ნინო სლეპჩენკო.

"საინის" ხელმძღვანელის თქმით, მათი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე სწორედ პანდემიის პერიოდში გავიდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

"პანდემიის პერდიოდში "საინმა" შეძლო გაყიდვების განხორციელება კანადისა და აშშ-ს მიმართულებით. ვისურვებდით საექსპორტო პროდუქციის წარმადობის გაზრდას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ "საინი" საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ მარტში გამოჩნდა, დასაწყისისთვის გაყიდვები სრულიად დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.