მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სალონებში მიმართვიანობა 50-60%-ით შემცირდა... ეს ნაწილობრივ სახლებში მომსახურებას უკავშირდება"

5fd87e10a2555
ინგა მურუსიძე
16.12.20 22:00
861
28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები სილამაზის სალონებზე არ გავრცელებულა, შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ბიზნეს-ობიექტები მუშაობას აგრძელებენ.

სალონები მთავრობას მიმართავენ და ამბობენ, რომ რადგან მუშაობის უფლება აქვთ, შეღავათები არ ეხებათ, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც სალონ „კრეატივის“ დამფუძნებელი, ელენე პაიჭაძე ამბობს, სილამაზის სალონების აზრი ორად გაიყო - ნაწილს უნდოდა ემუშავა, ნაწილს უნდოდა დახურულიყო. „მათ, ვისაც მუშაობა უნდათ, საკუთარი ფართი აქვთ და იჯარის პრობლემა არ აწუხებთ, სესხი არ აქვთ, უმკლავდებიან კომუნალურს და ა.შ. თუმცა მეორე ნაწილი, რომელიც იჯარით არის, უმძიმეს მდგომარეობაშია“ - ამბობს პაიჭაძე.

სალონების ფედერაციის ხელმძღვანელი, თამარ შარაშენიძე ამბობს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, სალონების დახურვაზე საუბარი არალოგიკური და არაადეკვატურია.

როგორც ის bm.ge-სთან საუბარში ამბობს, სალონებში მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობა დაახლოებით 50-60%-ით შემცირდა და ეს მხოლოდ ახლა დაწესებულ შეზღუდვებს არ უკავშირდება. მისი თქმით, საქმე ეხება გაზაფხულზე გამოცხადებულ ე.წ. ლოქდაუნს, რა დროსაც ადამიანები სახლებში მომსახურებას შეეჩვივნენ და ამ წესს ახლაც ინარჩუნებენ.

„ყოველთვის ასე ხდება, ვიღაცა უძლებდა ბიზნესის გამოწვევებს, ვიღაცა - ვერა. გადარჩენაზე მიდის ზრუნვა და თავში ხელების რტყმის ნაცვლად, ყველამ გამოსავალზე უნდა ვიზრუნოთ. მთავრობას უკვე მივმართეთ სესხების გადავადების თხოვნით, სამი თვით. ველოდებით მათგან პასუხს ამ საკითხზე. მიდის მუშაობა და ვნახოთ რა იქნება. რაც შეეხება მომხმარებლების საკითხს, ტრანსპორტის აკრძალვის გამო, სალონებში ადამიანების მოსვლის პრობლემა ნამდვილად არ დგას. ვინც ვაკეში დადიოდა გლდანიდან სალონში, ის ავტობუსით არ მიდიოდა, ხოლო თავისი მანქანით ახლაც დადის.

ზოგადად, სალონებში მიმართვიანობა ძალიან არის შემცირებული - დაახლოებით 50-60%-ით, თუმცა ეს ტრანსპორტის შეზღუდვას არ უკავშირდება. ადამიანები ავად ხდებიან, ზოგიერთი თვითიზოლაციაშია და ა.შ. შემცირებაა პროფესიების მიხედვით, მაგალითად ადამიანებს აღარ სჭირდებათ თმის დავარცხნა, მაკიაჟის გაკეთება და ა.შ.“, - განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

მისი თქმით, სალონების დაკეტვას უკან უდგას ე.წ. შავი ბაზარი, რაც ნიშნავს სახლებში სიარულს.

„პირველი ე.წ. ლოქდაუნის დროს ორი თვით ვიყავით დაკეტილი. ვერც კი წარმოგიდგენიათ როგორ შეამცირა ამან სალონებში მომართვიანობა. ადამიანები შეეჩვივნენ სახლებში მომსახურებას და რადგან მათთვის კომფორტულია, ისევ იგივე ტენდენცია გაგრძელდა გახსნის შემდეგაც. ეს არის სფეროს მოკვლა“, - ამბობს შარაშენიძე.