მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირება საიდანღაც უნდა დაბალანსდეს" - ვასილ ხოდელი

60d83107671c9
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.21 12:01
1870
„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საპენსიო მომსახურების განხორციელებაზე ტენდერი განახლებული პირობებით გამოცხადდება და არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე განაკვეთის შემცირება მოხდება, ეს კლება გარკვეული რესურსებით უნდა დაბალანსდეს. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

ვასილ ხოდელის თქმით, საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირებაზე მოთხოვნა არსებობს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთები საბაზრო ფასითაა განპირობებული. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ტენდერის დროული გამოცხადების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ტენდერში შესატანი ცვლილებების საკითხში ბანკის პოზიცია მნიშვნელოვანი არ არის.

„დღეს 60+ ასაკის პირებისთვის არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი - 30.65% არის საბაზრო. დღეს, წინასაარჩევნო პერიოდია და ეს სეგმენტი მნიშვნელოვანი ყურადღების ქვეშაა. იმ პროცესებმა, რაც ხდება აჩვენა, რომ უმჯობესია რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდეს ტენდერი და გადაიხედოს არსებული კონტრაქტის პირობები.

ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაა, შესაბამისად, ის პირობები, რომელიც ჩამოყალიბდება ამას უნდა ითვალისწინებდეს. ამ შემთხვევაში „ლიბერთის“ აზრი, რომელიც დღეს შესაძლოა მიკერძოებულად ჩაითვალოს, ნაკლებად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ყველა ის მხარე უნდა ჩაერთოს, რომელსაც მთავრობა და ჩვენ ყველა, ამ პროცესის გამჭირვალობასა და სწორი პირობების ჩამოყალიბებას ვანდობთ.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ის არის, რომ შეთანხმება შედგეს იმაზე, რომ ყველასთვის საბაზრო პირობებში უნდა იყოს, მათ შორის უფროსი თაობის წერმომადგენლებისთვის. თუ დაკვეთა არის, რომ რაღაც პროდუქტზე საბაზრო პირობები ნაკლები იყოს, მაშინ ეს საიდანღაც უნდა დაბალანსდეს. მიჭირს ამის კონკრეტულად თქმა - რა ან საიდან შეიძლება იყოს“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა და დასძინა, რომ მიმდინარე პროცესებმა ანტისაბანკო ნარატივს ხელი არ უნდა შეუწყოს.