ლიბერთი ბანკში ირწმუნებიან, რომ 150 000-ზე მეტ საპენსიო სესხზე პროცენტის შემცირება მათი გადაწყვეტილება იყო და ამავე დროს ამბობენ, რომ დეტალები იმის შესახებ რამდენ პენსიონერს, ჯამურად რა მოცულობის თანხით შეუმცირდება, ზუსტდება. ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ლიბერთიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ პენსიონერს, რომელმაც სესხი აიღო 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, შეუმცირდება საპროცენტო განაკვეთები და გაიცემა დღეს არსებული წესით. დეტალები ზუსტდება, რომ რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ერთია თუ რამდენით შემცირდება ჯამურად პენსიონერების მიერ გადასახდელი სესხები და მეორეა, ის რა დაუჯდება ბანკს მიღებული გადაწყვეტილება. კითხვაზე - რის სანაცვლოდ გააკეთა ეს ბანკმა და დაკარგავს თუ არა 8 მილიონ ლარს, გოგიჩაიშვილი პასუხობს: „მინდა აღვნიშნო, ერთია, თუ რა თანხას დაზოგავენ პენსიონერები და მეორე - ბანკის ხარჯი რა იქნება, შეიძლება ეს თანხა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როცა ლიბერთი ბანკი იჩენს მაღალ პასუხისმგებლობას, აუმჯობესებს პირობებს საპენსიო სესხებზე. ჩვენ 2017 წლიდან, მუდმივად ვახორციელებთ საპროცენტო განაკვეთის დაწევას სესხებზე, ამის ნათელი მაგალითია, რომ ათეულობით პუნქტით მოხდა სესხის შემცირება ამ სესხებზე. დღეს გაიცემა 25,5%-ად, რაც საბაზროზე დაბალი განაკვეთია.
ბევრი რამით შეიძლება ისარგებლოს ბანკმა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კმაყოფილი კლიენტი, რასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს ხოლმე ბანკის ფინანსურ შედეგებზე. მე ვფიქრობ, ამით იქნება კმაყოფილი არა მხოლოდ პენსიონერები, არამედ ბანკის ყველა კლიენტი. რა თქმა უნდა ველოდებით ძალიან დადებით შედეგებს“.