23.მაისი .2020 19:30

"საქართველოს მთავრობამ დროულად შეაკავა ვირუსის გავრცელება, თუმცა ჯანდაცვა მოწყვლადი რჩება"

views 1213
უკან

"ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა, უფრო მყისიერად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რაც შეიძლება კოვიდ-19-ის გამოვლენას და მართვას უკავშირდებოდეს", - ამის შესახებ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში - "ანალიტიკა" - განაცხადა.

კითხვაზე, რა აქვს AIIB-ის იდენტიფიცირებული, როგორც ყველაზე მთავარი საჭიროება დღეს საქართველოს შემთხვევაში ჯანდაცვის კუთხით, ლიმიტოვსკიმ პასუხად ორი კომპონენტი დაასახელა.

"აქ ორი მთავარი კომპონენტი გვაქვს: პირველი - კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა და შეკავება - აქ ძირითადად ვგულისხმობთ, პირადი დაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას, მასალებს, მედიკამენტებს, ნიღბებს და ა.შ; მეორე კომპონენტი უფრო ამ შემთხვევების მართვას უკავშირდება - აქ იგულისხმება ინტენსიური თერაპიის განყოფილებების საჭირო რეაბილიტაცია და აღჭურვა; შერჩეული საავადმყოფოების გამტარუნარიანობის გაზრდა; კოვიდ-19-თან დაკავშირებული აპარატურის - მათ შორის, ბრონქოსკოპების, სასუნთქი აპარატების და ა.შ. შესყიდვა", - განაცხადა მან.

ამასთან, მან კორონავირუსის ეკონომიკურ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

"ღარიბი ოჯახები დღეს ლოქდაუნში არიან. ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა. ჩვენ ამ დახმარებით გვინდა, ამ ადამიანებს დავეხმაროთ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ლოქდაუნი უკვე თითქმის სამი თვეა, რაც გრძელდება. საქართველოში დასაქმების სტრუქტურას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ აქ ადამიანებს ძირითადად კერძო სექტორი ასაქმებს. საქართველოში ბევრია მცირე და საშუალო ზომის კომპანია, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ. ბევრი ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც საკუთარი ძალისხმევით აგროვებს შემოსავალს - ესენიც ლოქდაუნში აღმოჩნდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც კოვიდ-19-მდეც მოწყვლად ჯგუფებად ითვლებოდნენ და მათთვისაც, სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდა.

ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა, უფრო მყისიერად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რაც შეიძლება კოვიდ-19-ის გამოვლენას და მართვას უკავშირდებოდეს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროექტის დასრულებისთვის, ეს ასეც იქნება.

როცა საქართველო დაიწყებს ეკონომიკის გახსნას, ის ბევრად უფრო მომზადებული იქნება ნებისმიერი მეორე თუ მესამე ტალღისთვის და ზოგადად, მომავალში, კაპიტალიზებას მოახდენს ძლიერ ჯანდაცვის სექტორზე, რადგან ბევრად უფრო მარტივად შეძლებს, თვალი გაუსწოროს ნებისმიერ ახალ გამოწვევას, თუ ახალ ეპიდემიას.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოზე, როგორც ერთ-ერთ წარმატების ისტორიაზე, ისე შემიძლია დღეს საუბარი. შემთხვევების მცირე რაოდენობა და კიდევ უფრო მცირე რაოდენობით გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად მიაქცია ყურადღება პრობლემას და დროულად შეაკავა ვირუსის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ მოწყვლადი რჩება და აქ გაძლიერების საჭიროება აშკარად გამოკვეთილია. საქართველოს მთავრობას ნამდვილად შეგვიძლია ტაში დავუკრათ იმ ნაწილში, რომ ვირუსის მასშტაბურად გავრცელება აღკვეთა, მაგრამ დღეს და მომდევნო თვეების განმავლობაში, მოვა დრო, როცა თვალი უნდა გაუსწოროს ეკონომიკურ შედეგებს და საქართველოზე ეს გავლენა მძიმე იქნება", - განაცხადა ლიმიტოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებს 100 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა