მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა" ევრობონდების რეფინანსირებით $500-მილიონიან ვალს იღებს

60b7a1e787c22
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 19:25
1144
საქართველოს რკინიგზამ $500-მილიონიანი ვალი აიღო - ორგანიზაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ახალი ევროობლიგაციები განათავსა. ეს თანხა ორგანიზაციის მიერ 2012 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისთვისაა განკუთვნილი. 10 წლის წინ გამოშვებული ბონდების განაკვეთი 7.5% იყო, ჯერ-ჯერობით უცნობია რა იქნება ახალი ვალის განაკვეთი, ის სავარაუდოდ 9 ივნისს გახდება ცნობილი.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "საქართველოს რკინიგზას" ახალი ევრობონდების გამოშვებაში TBC Capital და Renaissance Capital-ი, ასევე Galt & Taggart-ი დაეხმარნენ.

2012 წელს გამოშვებული ობლიგაციების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი თბილისის შემოვლითი რკინიგზის აშენება იყო, პროექტის დაფინანსებისთვის ასობით მილიონი ლარი მიიმართა, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში პროექტი კომერციულად წამგებიანად გამოცხადდა და რკინიგზამ ის დააკონსერვა. ამჟამად ამ სესხით აშენებული ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი უფუნქციო და ამორტიზებულია. 

რაც შეეხება თავად რკინიგზის ფინანსურ მდგომარეობას - კომპანია ბოლო რამდენიმე წელია სოლიდურ ზარალზეა. ზარალიანი იყო 2021 წლის პირველი კვარტალიც, როდესაც კომპანიამ 54 მილიონი ლარით იზარალა. 2020 წელს კი კომპანიის ზარალი 164 მილიონი იყო.

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. ცალკეული წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მაშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი, სატრანზიტო ნაკადების აღდგენა დაიწყო და ის ჯერ - 10.9 მილიონი ტონა, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.