მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი წამყვანი უნდა იყოს" - ვანო მაჭავარიანი

5f798e8fd38d7
ინგა მურუსიძე
04.10.20 14:44
1423
ჩემი აზრით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი წამყვანი უნდა იყოს, - ამის შესახებ გადაცემა FORBES-კვირის ეთერში საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით არსებული დამოკიდებულებით, ასევე სახაზინოს გაზრდილი მოცულობებით, სადამდე შეიძლება განავითაროს კაპიტალის ბაზარი და სადამდე შეიცვლება ვალის სტრუქტურა.

როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე რთულია საქართველოსნაირი პატარა ეკონომიკის ქვეყნისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ეკონომიკა მოქნილი, მდგრადი და ეფექტური იყოს.

„მთავარი მოთამაშე, ფასიან ქაღალდებზე სახელმწიფოა, ჩვენი მიზანი და გეგმა უნდა იყოს, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ემიტენტების კომპანიების და კორპორაციების შექმნას, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივად გამოუშვან ფასიანი ქაღალდები. აქ დიდი რესურსი სახელმწიფო საწარმოებია. სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაცია, მათი მმართველობის ხარისხის აწევა იმ დონეზე, რომ იყვნენ სანდო გამჭვირვალე, აღრიცხვიანობა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია. მათ აქვთ ამის პოტენციალი. ჩვენ ამის მაგალითი გავაკეთეთ და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დაწყებულია, ვიწყებთ და ამას ასევე ვათანხმებთ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ვანო მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები შეთანხმებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველოში არის საკმარისი სახელმწიფო კომპანიები, რომელთა კორპორატიულმა მმართველობამ ისეთ დონეს შეიძლება მიაღწიონ, რომ თავისუფლად შეძლონ ფასიანი ქაღალდების გამოშვება.

მისი თქმით, ეს ძალიან წააადგებოდა პირველ რიგში თავად მათ და ასევე ფასიანი ქაღალდების კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ასევე, ზოგადად საქართველოს ეკონომიკას.  მინისტრი დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორშიც არიან საკმარისი მოთამაშეები, რომ ეს მოხდეს.

„ადგილობრივი ბაზრის განვითარებისათვის ჩვენ კარგი საკანონმდებლო ბაზა გვაქვს, საგადასახადო რეჟიმი ძალიან მორგებული და ხელსაყრელია. გვაქვს გამზადებული ინფრასტრუქტურა, ინვესტორებიც მოიძებნებიან დამერწმუნეთ, უცხოელები იქნებიან ესენი თუ ადგილობრივები და გვაქვს ნაკლებობა ემიტენტების, ვისაც შეუძლია გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, ანუ კორპორატიზაციის ის სტანდარტი ჰქონდეს, რაც მათ ამ ბაზარზე დაუშვებდა. საჯარო კომპანიას რა მოთხოვნებიც უდგას, იმას რომ აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს, მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს როცა ვამბობთ, ანუ შიგნით რა შეიძლება გავაკეთოთ, რა გავაუმჯობესოთ. ჩემი აზრით, ერთ-ერთი წამყვანი უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. იმიტომ, რომ საჯარო ფინანსების კუთხით, ჩვენ მაგალითად  ერთ-ერთი მოწინავე ვართ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით ტოპ ხუთეულში ვართ, რეპუტაციის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ, სხვა მიმართულებებშიც პროგრესი ბევრგან არის.

შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, მაგრამ ითვლება, რომ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ, შიგნით ამას კოლეგები ოპოზიციიდან არც გიფასებენ და არც აღიარებენ, თუმცა თქვენ გაქვთ უცხოელებთან შეხება და იცით, რომ რეფორმატორის იმიჯი ამ ქვეყანას აქვს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.