მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს ტყის უბნები საიჯარო ვალდებულებით გადაეცემათ" - დავითაშვილი

61f7a9e078e8f
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.22 13:25
2410
„შეგიძლიათ მიმართოთ სატყეო სააგენტოს და გარანტიას გაძლევთ, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში, თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტს საიჯარო ვალდებულებით გადმოგცემთ“, - ასე უპასუხა ლევან დავითაშვილმა დღეს მედიის კითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახისთვის ბაკურიანის ტყის ნაწილის იჯარით გადაცემის ირგვლის არსებულ არაერთ კითხვას შეეხებოდა.

სოფლის მურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის განმარტებით, 2020 წელს საქართველოში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშორმლობით ახალი სატყეო კოდექსი ამოქმედდა, რომელიც ტყითსარგებლობის უფლებებსა და უფრო მეტად კი ვალდებულებებს მოიცავს. „ეს არ არის ჩუქება, ეს ვალდებულებაა, რომელშიც ყოველ წელს კანონმდებლობით განსაზღვრული, აუქციონის შედეგად დადგენილი მნიშნელოვანი თანხა მოიჯარემ სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვის უწყების ხელმძღვანელმა ისიც განმარტა, რომ ტყე ღია აუქციონის წესით პრემიერის ოჯახს არა მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაეცა, არამედ იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ ტყის უბანზე აქუციონის პირობებში მათი ინტერესი დაფიქსირდა და ასეთ აუქციონებში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.

„საქართველოში 90-იანი წლების სიდუხჭირემ შექმნა ის, რომ ტყე მხოლოდ სოციალური მიზნით გამოიყენებოდა და მხოლოდ საშეშე მერქნის მოპოვება ხდებოდა, შესაბამისად, ტყე თავის ძირითად ფუნქციებს ეკონომიკურს, სოციალურს და ეკოლოგიურს ვერ ასრულებდა. ახალმა კოდექსმა განსაზღვრა როგორი შეიძლება ყოფილიყო ტყითსარგებლობის პირობები და აბსოლუტურად ლეგალურად აუქციონის პირობებში ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთს გაიჯარება მოხდა. დღეს თითოეულ თქვენგანს, შეგიძლიათ მიმართოთ სატყეო სააგენტოს და გარანტიას გაძლევთ, რომ სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში, თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტს საიჯარო ვალდებულებით გადმოგცემთ ანუ ეს ჩუქება კი არ არის, ეს ვალდებულებებია მათთვის რომ ტყეს სათანადო პირობებით მოუარონ და ამაში სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა.

ეს არ არის ჩუქება, ეს ვალდებულებაა, რომელშიც ყოველ წელს კანონმდებლობით განსაზღვრული, აუქციონის შედეგად დადგენილი მნიშნელოვანი თანხა მოიჯარემ სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. ეს ღია აუქციონის პირობებში კანონის შესაბამისად დაკმაყოფილებული საიჯარო ხელშეკრულებაა. წელიწადში გადასახადის სახით 5 000 ლარი კანონმდებლობით არის განსაზღვრული“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის სატყეო უბნების საიჯარო ხელშეკრულების მიმდინარე 22 ხელშეკრულება და 100-ზე მეტი განაცხადია დაფიქსირებული. ლევან დავითაშვილმა ტყის სარგებლობაში მიღების მიზნებსა და სახელმწიფოს ინტერესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სატყეო სააგენტო განსაზღვრული ვადის შემდეგ ტყეს მმართველობაში იბრუნებს.

„ძალიან ბევრ ადამიანს ტყის მოვლა-შენარჩუნების კონკრეტული მიზნები აქვს, რადგან ეს შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს, რომ ტყე განსაკუთრებით კარგად იყოს მოვლილი. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობა 3 მლნ ჰა-ზე მეტის მოვლაა და სახელმწიფოს ძალიან მწირი რესურსები გააჩნია, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ტყეში იმ ხარისხობრივი მდგომარეობის დაცვა, რაც გვინდა, რომ გვქონდეს და რაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ტყეს ეკოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად ეკონომიკური ფუნქციაც აქვს და ეს არ არის მხოლოდ ტყეში მერქნის მოპოვება, რაც 2023 წლიდან გაუქმდება. ძალიან რთული იქნება იმ რესურსების შექმნა, რომლითაც ტყის სოციალურად ჭრას სრულად დავასრულებთ, მაგრამ დიდწილად ჩვენ სოციალური ჭრიდან გამოვდივართ. ტყე ეკოტურიზმის და სხვადასხვა სერვისის განვითარების ადგილი უნდა იყოს, რაც ტყის ეკოლოგიასაც შეინარჩუნებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც გააჩენს.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, ამ კონკრეტული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში სატყეო სააგენტო უფლებამოსილია ეს ხელშეკრულება გაწყვიტოს. ეს ტყის ფონდი სახელმწიფო საკუთრებაა. რა ეტაპზეც არ შესრულდება ის მოთხოვნები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია მოვლის, აღდგენის, შენარჩუნების ან ინვესტიციების განხორციელების კუთხით სატყეო სააგენტო ამ უბანს მმათველობაში დაიბრუნებს. ის კონკრეტული პროექტი რა ტიპის და როგორი ობიექტები მოეწყობა სატყეო სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. მერქნიანი მცენარეები, რომელიც ამ ტერიტორიაზეა, უნდა შენარჩუნდეს და მათი მოვლა პატრონობა უნდა მოხდეს“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.