მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელასის" 24.5%-იანი წილი 32.4 მლნ ლარად "ბესტ ენერჯი გრუპმა" შეიძინა

5f58bca351a94
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.20 15:19
2106
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, "თელასის" 24.5%-იანი წილი, რომელსაც ფონდი ფლობდა 32.4 მილიონ ლარად საჯარო აუქციონზე კომპანია "ბესტ ენერჯი გრუპმა" შეიძინა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი $10.5 მილიონი დოლარი იყო.  თავისმხრივ, კომპანია "ბესტ ენერჯი გრუპის" 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. კომპანია 2018 წლის 2 აგვისტოს არის დაფუძნებული.

სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველო კომპანიის აქციების მინორიტარულ პაკეტს ფლობდა. 

რამდენიმე დღის წინ “თელასმა” 2019 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 453 მილიონი ლარი შეადგინა, მისი წმინდა მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო. 

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას დედაქალაქში 600,000 აბონენტი ჰყავს.

წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 163.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 1.28%;
● კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 258 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.85%;
● სახელმწიფო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 25.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.56%;
● ელექტროენერგიის ტრანზიტი - 5.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.2%.

თელასისთვის ყველაზე დიდი ხარჯი სარეალიზაციო ელექტროენერგიის შესყიდვა იყო რამაც 2019 წელს 246.6 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიისთვის გადაცემის და დისპეჩერიზაციის ხარჯები 71 მილიონი ლარი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელმა სარეზერვო სიმძლავრის გადასახადმა კი 44.2 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში სს “თელასმა” ელექტროენერგიის შესყიდვაზე 361.9 მილიონი ლარი დახარჯა.

“თელასის” მთლიანი აქტივების ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 362.9 მილიონ ლარს შეადგენს.