მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელასის" 24.5%-იანი წილი ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ შეიძინა

5f58bf8da3dfd
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.20 15:41
3898
კომპანია თელასის 24.5%-იანი წილი დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ "ბესტ ენერჯი გრუპმა" 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2018 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა, რომელიც "კავკასუს ონალინის" მეწილეა, ამასთანავე, მას ეკუთვნის კომპანია "თბილისი ენერჯის" საკონტროლო პაკეტიც.

აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "ბესტ ენერჯი გრუპმა" მიიღო. საჯარო აუქციონში კომპანიის მინორიტარული წილის საწყისი ფასი $10.5 მილიონი აშშ დოლარი იყო.

სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველო კომპანიის აქციების მინორიტარულ პაკეტს ფლობდა.

რამდენიმე დღის წინ “თელასმა” 2019 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 453 მილიონი ლარი შეადგინა, მისი წმინდა მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო. 

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას დედაქალაქში 600,000 აბონენტი ჰყავს.

წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 163.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 1.28%;
● კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 258 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.85%;
● სახელმწიფო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 25.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.56%;
● ელექტროენერგიის ტრანზიტი - 5.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.2%.

თელასისთვის ყველაზე დიდი ხარჯი სარეალიზაციო ელექტროენერგიის შესყიდვა იყო რამაც 2019 წელს 246.6 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიისთვის გადაცემის და დისპეჩერიზაციის ხარჯები 71 მილიონი ლარი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელმა სარეზერვო სიმძლავრის გადასახადმა კი 44.2 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში სს “თელასმა” ელექტროენერგიის შესყიდვაზე 361.9 მილიონი ლარი დახარჯა.

“თელასის” მთლიანი აქტივების ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 362.9 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები