მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ „კარფური“ ხისტად გააგრძელებს მუშაობას, პროცესი იქნება შეუქცევადი" - “ჯეი ენდ თი ქონსალთინგი”

6062f243e41a3
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 18:45
3785
ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიების შეფასებით, უკანონოა და მათ სოლიდური თანხებით აზარალებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ცნობილია, რომ კომპანიების სარჩელი სასამართლოში  რამდენიმე დღეში შევა.

„სარჩელი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში მას აუცილებლად შევიტანთ. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიამ უკვე შეიტანა სარჩელი და რამდენიმე მომავალ კვირაში აპირებს შეტანას. პროცესი იქნება შეუქცევადი თუ „კარფური“ ისე ხისტად გააგრძელებს მუშაობას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა“, - განაცხადა გიორგი ცერცვაძემ.

ის განმარტავს, რომ კარფური კომპანიებთან არ თანამშრომლობს და პრობლემის გადაჭრას დროულად არ ცდილობს, ამის საპირისპიროდ საერთაშორისო ბრენდს ისეთი სახელშეკრულებო პირობები აქვთ, რომლითაც მდგომარეობის გარკვევა შეუძლებელია.

„რამდენიმე კომპანიის „კარფურთან“ თანამშრომრომლობის 3-წლიან ისტორიას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვსწავლობდით, მე ამას დავარქმევდი მართვად ქაოსს. კომპანიას ქაოსი შეგნებულად აქვს შექმნილი; როდესაც დისტრიბუტორების მხრიდან ხდება მითითება და კონკრეტული საკითხის შეთანხმებაზე ჭიანურდება შეხვედრის ორგანიზება ან მითითება ხდება სათავო ოფისზე, ამბობენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ბრალია და "კარფური" ამაში არაფერ შუაშია. გეგონება, ეს პროგრამა „კარფურს“ არ ეკუთვნოდეს. სამართლებრივი თვალსაზრისით, რასაც დისტრიბუტორები ყოველდღიურ ცხოვრებაში აღნიშნავენ, ყოველდღიური პრობლემების განხილვა „კარფურში“ წარმოუდგენელია. კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას ძაღლადაც არ აგდებენ, როდესაც ან მეილი იწერება ან ტელეფონის ზარი შედის, რაც წლების განმავლობაში აღრმავებს ამ პროცესებს.

ამ ყველაფერს სამართლებრივად მხარს უჭერს ისიც, რომ ხელშეკრულება აბსოლუტურად გაუმართავია. ძალიან ხშირად ინგლისური და ქართული ტექსტები უბრალოდ არ თანხმდება და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ინგლისური ნაწილი, რომელსაც უპირატესობა ენიჭება, გრამატიკულად იმდენად გაუმართავია, რომ რთულია შინაარსის გამოტანა. ამ დროს „კარფური“ მას იმ მნიშვნელობას აძლევს, რაც მას კონკრეტულ სიტუაციაში სურს. მეორე დღეს შეუძლია თქვას, რომ ეს ასე არ არის და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, არ ხდება ამის სახელშეკრულებო ვალდებულებად ასახვა. არ ხდება ხელშეკრულების კონკრეტულ პირობებში გაწერა იმ პუნქტების, რომლითაც ორივე მხარეს გამჭვირვალედ ეცოდინება ყველაფერი“, - განაცხადა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველმა პარტნიორმა.

გიორგი ცერცვაძეს მდგომარეობის აღსაწერად მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოებები მსგავს პირობებში ოპერირებას ვერ შეძლებენ.

„თუ გინდათ “კარფურში” გაყიდოთ პური და მას აქვს 20 მაღაზია, თითოეული მაღაზიის კარის გაღებაში, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პური გაიყიდება, უნდა გადაიხადოთ 2 500 ან 5 000 ლარი და ა.შ. საიდან მოდის ეს რიცხვები და როგორ ითვლება, წარმოუდგენელი და გაუგებარია. ბევრი ვიკვლიეთ და ვერ დავადგინეთ ეს პრინციპი; როდესაც მაღაზია ყიდის კონკრეტულ პროდუქტს, ის ამატებს კონკრეტულ თანხას, „კარფური“ ამასაც აკეთებს; ამასთან თანხიდან, რომელიც მისაღები აქვს დისტრიბუტორს, პროცენტსაც უწესებს და კიდევ აწესებს მარკეტინგულ ხარჯებს. ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც უნდა ჩარიცხვოდა 12 000 ლარი დაქვითვის შემდეგ ჩაერიცხა 668 ლარი. მწარმოებელს, რომელიც ყიდის კონკრეტულ პროდუქციას, ჰგონია, რომ გაყიდული აქვს და ელოდება ფულს, რომ რეინვესტირება გააკეთოს და თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, 12 000 ლარის მაგივრად იღებს 668 ლარს, ასე ბიზნესის წარმოება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროდუქტის გაძვირებას იწვევს“, - განმარტავს გიორგი ცერცვაძე და დასძენს, რომ პროცესი, რომელიც დომინოს პრინციპით დაიწყო, აუცილებლად გაგრძელდება.