მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბურგერ ლაიონსი" მეხუთე, ყველაზე მასშტაბურ ფილიალს ვარკეთილში გახსნის - კომპანიის გეგმები

ბურგერ ლაიონსი

ქართული სწრაფი კვების ბრენდი "ბურგერ ლაიონსი" მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს იწყებს და წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, ნიკა სამადაშვილის განცხადებით, ბრენდის რიგით მეხუთე ფილიალი ვარკეთილში განთავსდება და განსხვავებული კონცეფციის იქნება. ამასთან ერთად, კომპანია საკუთარ საწარმოო სიმძლავრეებს ზრდის და B2B მიმართულების განვითარებას გეგმავს.

როგორც ნიკა სამადაშვილმა BMG-ის "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში განმარტა, ახალი ობიექტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, რისთვისაც მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია.

"ეს არის ჩვენი მეხუთე, საკმაოდ მასშტაბური ფილიალი. ვფიქრობთ, რომ მისი მოცულობითა და ვიზუალით ევროპაში ბევრი ანალოგი არ უნდა მოიძებნებოდეს. პროექტი ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე განხორციელდება - მიწის ნაკვეთი უკვე შევიძინეთ და მშენებლობას დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებთ. ობიექტის ფართობი 700-800 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აქ შეიქმნება განსხვავებული გარემო, სადაც მომხმარებელს ბურგერის მირთმევასთან ერთად განსაკუთრებულ ემოციებს შევთავაზებთ", - აღნიშნავს დამფუძნებელი.

ინფრასტრუქტურულ გაფართოებასთან ერთად, "ბურგერ ლაიონსი" დიდ ყურადღებას უთმობს წარმოების სრულ ციკლს. კომპანია ადგილზე, საკუთარ საწარმოში ამზადებს პურ-ფუნთუშეულს, სოუსებსა და ხორცპროდუქტებს. სამომავლო გეგმებში კი პროდუქციის სხვა კომპანიებისთვის მიწოდებაც შედის.

"წლების განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს საკუთარი საცხობი, სადაც პურ-ფუნთუშეულს ვამზადებთ, ასევე ნულიდან ვაწარმოებთ ხორცპროდუქტებსა და სპეციალურ სოუსებს. პრაქტიკულად ყველაფერი ჩვენს საწარმოში, ადგილზე მზადდება და გარედან თითქმის არაფრის შესყიდვა არ გვიწევს. პირიქით, ერთ-ერთი გეგმაა, რომ "Burger Lions"-ის ბრენდით B2B მიმართულებაზეც გავიდეთ და პურ-ფუნთუშეულისა და ხორცპროდუქტების რეალიზაცია დავიწყოთ", - აცხადებს ნიკა სამადაშვილი.

ამასთან, ბრენდისთვის პრინციპულ საკითხად რჩება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება. კომპანია უარს ამბობს იმპორტირებულ, გაყინულ პროდუქტზე და პარტნიორობას მხოლოდ ქართულ მეურნეობებთან ამჯობინებს.

"რაც შეეხება ხორცს, თავიდანვე ვცდილობთ, მომწოდებლებთან ურთიერთობა სწორად დავალაგოთ და უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი შევქმნათ. ჩვენს კომპანიას პროდუქციის დეფიციტი ნაკლებად ეხება, რადგან ყველა რისკი წინასწარ გვაქვს გათვლილი. ამასთან, ვიყენებთ მხოლოდ ქართულ, ნედლ ხორცს და არ შემოგვაქვს გაყინული პროდუქცია. ამით ადგილობრივ ფერმერებსაც ვეხმარებით, რაც ჩემთვის საამაყოა, სამომავლოდ კი შესაძლოა საკუთარი ფერმებიც შევქმნათ", - განმარტავს დამფუძნებელი.

საკუთარ საწარმოო ხაზზე გადასვლამდე და მასშტაბური ფილიალის მშენებლობის დაწყებამდე ბრენდმა განვითარების რთული გზა გაიარა. კომპანიამ საქმიანობა 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, მცირე ბიუჯეტითა და მცირე ფართობით დაიწყო.

"ბიზნესი 2020 წელს, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, 20 კვადრატული მეტრის ფართობზე დავიწყეთ. გახსნიდან დაახლოებით ერთ თვეში პანდემიის გამო დავიკეტეთ, თუმცა გუნდმა შეუძლებელი შეძლო და უამრავ სირთულეს გაუძლო. ეს იყო ერთგვარი სიძლიერის კურსი, რომელიც თავიდანვე ჩავაბარეთ. საწყისი კაპიტალი ნასესხები 4 000 ლარი იყო, თუმცა სწრაფად განვითარდით და დღეს ჩვენს კომპანიას არანაირი ვალი არ აქვს. პირიქით, ფულს აღარ ვსესხულობთ და ვცდილობთ, ბიზნესი საკუთარი სახსრებით განვავითაროთ", - იხსენებს ნიკა სამადაშვილი.

დამფუძნებლის თქმით, ბიზნესის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მართვის სწორი სტრატეგია და თანამშრომელთა მოტივაციაა. დღეისათვის კომპანიაში 80-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

"ამ სფეროში გარე პარტნიორი არ მყავს და ვცდილობ, ჩემი თანამშრომლები იყვნენ ჩემი პარტნიორები. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო მარტივია: თანამშრომლებს უნდა შევთავაზოთ მაღალი ანაზღაურება, დავაფასოთ მათი შრომა და შედეგიც დროთა განმავლობაში აუცილებლად მოვა", - აღნიშნავს ნიკა სამადაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები