მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინაციის ოფიცრების დაკვირვებით, ყველაზე რთული სეგმენტი ბაზრობის მოვაჭრეები იყვნენ"

6151d4deefc87
ინგა მურუსიძე
27.09.21 21:22
688
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით, საქართველოში ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამა განხორციელდა, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება. როგორც bm.ge-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, პროგრამა მაისში დაიწყო და უკვე სრულდება,თუმცა ჯანმოსთან ერთად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის სხვა მსგავსი პროგრამების დანერგვაც იგეგმება.

მისივე განმარტებით, პროგრამა სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა და მასში სულ 18 ოფიცერი იყო ჩართული.

„პროექტი უნდა დამთავრებულიყო ივნისის ბოლოს, თუმცა ჯანდაცვის სისტემის იმდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩაითვალა მისი გახანგრძლივება, რადგან სხვადასხვა ტიპის ვაქცინები უნდა შემოსულიყო და საინფორმაციო კამპანია ჩასატარებელი იყო. სწორედ ამიტომ პროექტი მიმდინარეობდა ივლისსა და აგვისტოშიც. ამ პერიოდში ვაქცინაციის აქტივობა ყველაზე მაღალი იყო და აგვისტოს ბოლოდან, მას შემდეგ რაც ჩაითვალა, რომ შემდეგი გამოწვევისთვის სხვა პროექტი უნდა განხორციელდეს, პროგრამის დახურვა დავიწყეთ“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

მისივე განმარტებით, ვაქცინაციის ოფიცრების პროექტმა გაამართლა და ეს აისახა მათ შორის ვაქცინაციის ტემპზე, რომელიც ივლის-აგვისტოში ქვეყანაში იყო.

„კამპანიამ ერთმნიშვნელოვნად გაამართლა, რადგან ივლის-აგვისტოში ვაქცინაციის ტემპი ყველაზე მაღალი იყო. ჩვენ მოვიცავით ყველაზე ხალხმრავალი ადგილები, ასევე ესენციური ჯგუფები, ვისთანაც მისატანი იყო ამ ტიპის ინფორმაცია. წარმატების საზომი კი არის ვაქცინაციის მაღალი ტემპი. ჯამურად გამოვიდა, რომ სხვა კამპანიებთან ერთად ამ კამპანიითაც მეტი ვაქცინირებული მოქალაქე მივიღეთ.

ყველაზე რთული ქალაქი ვაქცინაციის მიღების მხრივ იყო ქუთაისი, ხოლო ჯგუფს რაც შეეხება, ყველა ქალაქში თითქმის გვიჭირდა ბაზრობების ტერიტორიებზე. ჩვენი ოფიცრები აქტიურად მუშაობდნენ მოვაჭრეებთან და ჩვენი გამოცდილებით, ყველაზე რთული სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა“, - განაცხადა მან.

როგორც უგრეხელიძე განმარტავს, პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მცირებიუჯეტიანი იყო, თუმცა კონკრეტული რიცხვებზე ის არ საუბრობს.