მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტს სატვირთო გადაზიდვების დიდი პოტენციალი აქვს - Easycharter

637c9e6473d50
მარიამ ვარადაშვილი
22.11.22 13:55
570
სატვირთო ავიაკომპანია Easycharter-ის დირექტორი რატი ძერია მიიჩნევს, რომ სატვირთო გადაზიდვების განვითარება სისტემურად უნდა მოხდეს და მასში გადაზიდვების ყველა კომპონენტი უნდა იყოს ჩართული. საუბარია როგორც პორტებზე, ასევე საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის განვითარებაზე.

“საქართველომ დაამტკიცა, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების დიდი პოტენციალი აქვს და ამაზე ბოლო 5-7 წლის განმავლობაში შექმნილი სატვირთო ავიაკომპანიების რაოდენობაც მიუთითებს. ეს მხოლოდ ტრენდი არ არის და ბაზარზე მოთხოვნაა გაჩენილი, თუმცა ვერცერთი ცალკე აღებული ტრანსპორტის სახეობა ვერ შეძლებს ყველანაირ ტვირთს მოემსახუროს. ამიტომ, მულტიმოდალურ გადაზიდვებზე ფიქრი და ამ ტვირთების ერთმანეთთან დაკავშირება აუცილებელია. საავიაციო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის ერთმანეთთან დაკავშირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომლებიც დღეს სამწუხაროდ, დამოუკიდებელ ერთეულებად არსებობენ. აქ ბიზნესს ვგულისხმობ.

ამიტომ ქუთაისის აეროპორტის განვითარება მნიშვნელოვანია, რომელიც დღეს ტვირთებს საერთოდ არ ემსახურება. გეოგრაფიული მდებარეობისა და უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამო, მას დიდი პოტენციალი აქვს. ასევე, ფოთის პორტის დაღრმავება, ანაკლიის პორტის მშენებლობა, ქვეშეთი-კობის გვირაბი ამ ყველაფრის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანზიტო ტვირთების რაოდენობის ზრდას. მაგალითად, შეგვიძლია ჩინეთიდან ტვირთი თვითმფრინავით ჩამოვიტანოთ და აქედან სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთშიც კი მანქანებით გადავიტანოთ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ბორნით. ეს ბევრად უფრო იაფი და ამავე დროს სწრაფი იქნება”,-აცხადებს ძერია.

აღსანიშნავია, რომ დღეს კარგო ტერმინალი მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს.