11.დეკემბერი .2019 23:29

ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

views 964
უკან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასასრულს უახლოვდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს აეროპორტებში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება და პირველ მგზავრებს 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს. ახალი აეროპორტის საშუალო წლიური გამტარუნარიანობა 2 მლნ მგზავრს შეადგენს. 

მისივე განცხადებით, საქართველოს ხუთივე აეროპორტის - სამი საერთაშორისოს და ორი ადგილობრივის - განვითარებისთვის 2019 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აეროპორტებში მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე. 

გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსეთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბერში 13-პროცენტიანი ზრდა უნდა ყოფილიყო, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში გვაქვს 18-პროცენტიანი კლება. ბათუმის აეროპორტში საპროგნოზო 15-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მხოლოდ 7-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია, ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 პროცენტიანი ზრდის მოლოდინი იყო, რეალურმა ზრდამ კი 50 პროცენტი შეადგინა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის შეფასებით, ამის მიზეზია ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair - ის შემოსვლა და Wizz air-ის მიერ ახალი მიმართულებების დამატება. 

პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც ესწრებოდა. 

“ჩვენ სამოქალაქო ავიაციის სფეროში ვაგრძელებთ „ღია ცის“ პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და ახალი პირდაპირი მიმართულებების განვითარებას. ეს ასევე არის გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელთა დიდი ნაწილიც ტურისტული მიზნებით ჩამოდის საქართველოში. ამდენად, მგზავრთნაკადის ზრდა და მათთვის უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამავე დროს, მინისტრის თქმით, აუცილებელია, ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ნათია თურნავამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობას როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა აეროპორტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე მკაცრი მონიტორინგი დაავალა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა