აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, დევიდ ჰოფმანს უმასპინძლა.
აეროპორტის დათვალიერების შემდეგ ავიამიმართულებების განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონსულტანტმა იმუშავა. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, USAID-თან ერთობლივმა კვლევამ აეროპორტების მიხედვით 5 საუკეთესო პოტენციური მიმართულება გამოავლინა.
"ერთობლივად ჩავატარეთ კვლევა აეროპორტების მიხედვით იმ პოტენციური მიმართულებების გამოსავლენად, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შორის, რამდენიმე ,,ბიზნეს ქეისი“ უკვე გამოვიყენეთ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად და აქედან რამდენიმე მიმართულება დადასტურდა-“განაცხადა ქარქაშაძემ.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს საავიაციო ბაზრის შეფასება, გამოვლინდა საუკეთესო პოტენციური 5 მიმართულება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და ის ძირითადი ავიაკომპანიები, რომელთაც მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბიზნეს შეთავაზებებს გაუკეთებს.
ანგარიში მოიცავდა საქართველოს ბაზრისთვის ხუთ კომერციულ შეთავაზებას, რომლებსაც განვითარების პოტენციალი აქვთ და რეალიზების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ.
,,პირველად ვარ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ნამდვილად მოხიბლული ვარ. ეს არის აეროპორტი, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ და ეკომეგობრულ არაჩვეულებრივ დიზაინს. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი გამწვანებული ტერასა, ასევე გეგმავთ მზის პანელების მოწყობას,-“ განაცხადა USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა.
პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნეს შეთავაზებები მოიცავს: ლონდონი - თბილისის, დელი-თბილისის, ბრიუსელი-თბილისის; სტამბული-ქუთაისის და ჯედა/რიადი - ქუთაისის მიმართულებებს.