მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets: ამერიკული კაკლის ბაღები კახეთში - "აგროლაინის" ისტორია

64c631db83204
ლიკა მეგუთნიშვილი
30.07.23 14:35
1009
კომპანია "აგროლაინმა" გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კაკლის ბაღების გაშენება 2015 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად შეამოწმეს ნიადაგი, შეფასდა კლიმატი, აიღეს სინჯი და როდესაც დარწმუნდნენ, რომ მიწა ამ კულტურისთვის შესაბამისი იყო, პირველი ნერგებიც ჩამოიტანეს. ჯიშის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი - მაღალი ხარისხი და უხვმოსავლიანობა იყო, ეს ყველაფერი კი კაკლის ამერიკულმა ჯიშმა, ჩანდლერმა დააკმაყოფილა. "აგროლაიანის" კაკლის ბაღები დღეს 250 ჰექტარ ფართობს მოიცავს.

"ბევრი რამ ვისწავლეთ შეცდომებზე და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ამ სფეროში ალბათ ყველაზე დიდი პრაქტიკა გვაქვს გავლილი. გარდა ამისა, დავუკავშირდით ესპანურ კომპანიას, რომელმაც ბაღების მოვლისა და გაშენების თვალსაზრისით კონსულტაცია გაგვიწია. მათი მითითებები კარგად შევასრულეთ და ეს შედეგებზეც აისახება", - აცხადებს "აგროლაინის" მენეჯერი, მიხეილ აბაშიძე.

"აგროლაინმა" პირველი 18 ტონა მოსავალი 2019 წელს მიიღო, რომელიც ხელით დაკრიფეს და მზეზე გააშრეს. 2020 წელს მოლოდინი უკვე 100 ტონაზე ჰქონდათ. ამ მასშტაბის მოსავალმა კომპანიას პროცესების მექანიზაციისკენ უბიძგა. საწარმოს აშენებას რამდენიმე მილიონი დოლარი დასჭირდა, რისი ნაწილიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამით დაფინანსდა.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ ამხელა ფართობს საწარმო დასჭირდებოდა, 2019 წელს კი საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2020 წლის სეზონისთვის საწარმო აუცილებლად უნდა გვქონოდა, რადგან 2019 წლის ეს მიღებული 18 ტონა მოსავალი საწარმოს გარეშე რთული გასაშრობი და შესანახი იყო. USAID-ი ძალიან დაგვეხმარა საწარმოს მშენებლობასა და ბრენდინგში, მათგან ძალიან ბევრი დახმარება მივიღეთ. კომპანიის განვითარების პარალელურად, ჩვენი თანამშრომლობაც გრძელდება", - აღნიშნავს მიხეილ აბაშიძე.

250 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღებიდან 60 ჰექტარი მხოლოდ 2 წელს ითვლის, ყველაზე პატარა ასაკის ნერგებისგან მოსავალს ჯერ არ ელოდებიან. დანარჩენი 190 ჰექტრიდან კი, 500 ტონაზე მეტი კაკლის მოსავალი უნდა მიიღონ. მოსავლის ამ რაოდენობის გადამუშავებას საწარმო არსებული რესურსით ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად აქცენტი მის გაუმჯობესებასა და სიმძლავრეების ზრდაზე კეთდება.

"საწარმოს თავდაპირველი წარმადობა 300-დან 400 ტონამდე იყო. შარშან უკვე 370 ტონა მოსავალი გვქონდა და საწარმოც სრულად დაიტვირთა, შესაბამისად, წელს უკვე მისი წარმადობის გაზრდა გარდაუვალია. ვამატებთ საშრობ ხაზებს, რომლის წარმადობაც 700-800 ტონა იქნება. საწარმოს გაუმჯობესების პროცესი სეზონის დაწყებასა და მოსავლის მიღებამდე დასრულდება", - განმარტავს "აგროლაინის" მენეჯერი, მიხეილ აბაშიძე.

"აგროლაინში" მიღებული და გადამუშავებული კაკალი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. მოთხოვნის მასშტაბი ბაზარზე "აგროლაინისთვის" ჯერჯერობით ექსპორტზე კაკლის გატანის რესურსს არ ტოვებს. "აგროლაინის" კაკალი და ნიგოზი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება.

"ქართულ ბაზარზეც ვართ ორიენტირებული და უფრო მეტად ევროპულზე, თუმცა რადგან აქ არის დიდი მოთხოვნა, შესაბამისად, უპირველესად ქართული ბაზრის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. რადგან კახეთში ძალიან ბევრი ჩურჩხელა კეთდება, ხალხი მოდის და პირდაპირ ადგილიდან ყიდულობს კაკალს და ნიგოზს. ასევე იყიდება თბილისის ბაზრებში და სხვადასხვა სუპერმარკეტებში", - ამბობს მიხეილ აბაშიძე.

"აგროლაინის" კაკლის ბაღებს ახალი ნერგები ყოველწლიურად ემატება, წლებთან ერთად იზრდება მოსავლიანობაც. შემდეგი ეტაპი ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების შემდეგ საექსპორტო პროდუქციის რესურსია, რომლის გატანაც დასავლურ სტაბილურ ბაზრებზე სურთ. მზაობაც არის, კომპანია BRC-ისა და global gap-ის სერტიფიკატის მფლობელია, რაც მისთვის ევროპის და აშშ-ის ბაზრის კარს ხსნის.

"მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო გამოფენებზე დუბაიში, ინგლისში, საფრანგეთში, მოვაგროვეთ კონტაქტები და შესაბამისად ამ კონტაქტებისგან უკვე დიდი მოთხოვნაა. ველოდებით წლევანდელი წლის დასრულებას, რომ კაკალი ავიღოთ და შემდეგ მათთან კონტაქტზე გავიდეთ", - აღნიშნავს "აგროლაინის" მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები