„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა სახელმწიფო აქტივი, რაც არსებობს ქვეყანაში, ჩართული უნდა იყოს ეკონომიკაში, ქმნიდეს პროდუქტს, სერვისებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ზრდიდეს ინვესტიციებს, ავითარებდეს ტექნოლოგიებს და ზოგადად, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროცესებში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პროექტი მოამზადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მხოლოდ ქუთაისში და მის მიმდებარედ არსებული 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 25-მდე საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება იქნება საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი, მათ შორისაა 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური, 9 სამრეწველო-სასაწყობე და 2 სასტუმროს ბიზნესისთვის საინტერესო ობიექტი.
ნინო ენუქიძის თქმითვე, ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი ცენტრია, რომელიც არა მხოლოდ სილამაზით, ტრადიციებით, კოლორიტითა და მასპინძლობით გამოირჩევა, არამედ ასევე უდიდესი პოტენციალი გააჩნია როგორც რეგიონული, ასევე მთელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით და ეს პროექტიც, ამ პროცესის ერთ-ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა.
„ამ დროისათვის, 2022 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო 170 მლნ ლარზე მეტის მობილიზება, რაც, საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია - ეს პროცესი აქტიურად გრძელდება, რადგან მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური სიტუაციისა, სტატისტიკური მაჩვენებლები ქვეყანაში საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.