მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიან გვირაბს რეგიონში ანალოგი არ ეყოლება - რა ეტაპზეა პროექტი?

611b53f51e3d6
BM.GE
17.08.21 10:06
4230
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აგრძელებს.

პროექტის ფარგლებში გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის აწყობის და ტესტირების სამუშაოები უკვე ფინალურ ფაზაშია.

უწყების ინფორმაციით, ტესტირების პროცესში წარმატებით დასრულდა დანადგარის პირველი სატესტო ჩართვა და საბურღი დანადგარის დატრიალება. 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება.

„TBM-ის დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. TBM-ის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც უფრო მეტად ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს.

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტი ამ მიმართულებით ტრანსპორტის უწყვეტ და უსაფრთხო გადაადგილეაბას წელიწადის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს. ამჟამად არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე, რომელიც ზამთრის პერიოდში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მოგვარდება გადაადგილების მუდმივი პრობლემა.

გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კმ, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არ იარსებებს“,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.