მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის პროექტით უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი კავშირი სტეფანწმინდასთან - მინისტრი

628e47081bedb
BM.GE
25.05.22 19:36
550
„2021 წლის მაისში დავიწყეთ ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზე მსოფლიოში უნიკალური, 9 კმ-იანი 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბის მშენებლობა კლდოვან ქანებში, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. TBM“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში.

როგორც მან განაცხადა, დღეის მდგომარეობით, TBM-ის დანადგარი უკვე მთავარი გვირაბის 1,8 კმ-ის სიღრმეში მუშაობს, 3.1 კმ-ზეა გაჭრილი საევაკუაციო გვირაბიც. სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც 4 გვირაბისა და 4 ხიდისგან შედგება, მათ შორისაა თაღოვანი უნიკალური ხიდიც. პროექტის განვითარებისთვის 2022 წლის პროგრესი მნიშვნელოვანი იქნება.

"რაც შეეხება პროექტის შინაარს, ეს არის კომპლექსური პასუხი იმ მრავალ გამოწვევაზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ზამთრის სეზონზე ჩაკეტილ გზას და ელემენტარულ, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მოწყვეტილ 10 სოფელს უკავშირდება. სწორედ ეს პროექტი მოაგვარებს ამ და კიდევ მრავალ სხვა გამოწვევას“, - განაცხადა ქარსელაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი, საგზაო უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისი გზის მშენებლობაც, რომელიც ახალი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს გუდაურს, ისევე როგორც მისასვლელი გზის მიმდებარე სოფლებში ახალი საკურორტო დასახლებების შექმნას შეუწყობს ხელს.