24.მაისი .2021 10:45

ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა

ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა
views 554
უკან

ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა. როგორც BM.GE-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქვევრი პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა.

ქვევრის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის დამადასტურებელი მოწმობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ გადასცა.

„ქართული ქვევრის ღვინო, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც ყურადღებას კიდევ უფრო ზრდის; სწორედ ამიტომ, ქვევრს, როგორც პროდუქტს, რომელიც ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს, მეტი ყურადღება სჭირდება. „იუნესკოს“ აღიარებამ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა. სახელმწიფოს მხრიდან ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ გააკეთა. სამინისტრომ იმუშავა და შექმნა ქვევრის სტანდარტი, სადაც გათვალისწინებულია ის ისტორიული მეხსიერება და მემკვიდრეობა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქპატენტთან და ქვევრი, როგორც არასასურსათო პროდუქტი პირველია საქართველოში, რომელსაც გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი გააჩნია. ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარეგისტრაციო მონაცემებში დეტალურად გაწერა ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის ფორმა, აღწერილობა, ზომები და მოცულობა, დასამზადებელი ნედლეული, დამზადების ტექნოლოგია და სხვა მახასიათებლები. აღნიშნული სპეციფიკაციების დაცვა ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

„გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს კიდევ ერთი დასახელება შეემატა ქვევრის სახით, როგორც თიხის საღვინე ჭურჭელი. რეგისტრაციის პროცედურა მინისტრის ინიციატივით განხორციელდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო. რეგისტრაცია გასულ წელს დაიწყო და ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა“, - განაცხადა მინდია დავითაძემ.

ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება ეროვნულ საღვინე ჭურჭელს - ქვევრს უკავშირდება. ქვევრის დამზადება ქართველი ხალხის ინტელექტის ნაყოფს წარმოადგენს.

ქვევრის ღვინოს დღეს თითქმის ყველა ქართული ღვინის კომპანია აწარმოებს, წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტში მისი წილი. ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სხვა ქვეყნებში აწარმოებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა