18.თებერვალი .2022 15:30

რა აფერხებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამას?

რა აფერხებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამას?
views 1980
უკან

ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამით 2021 წელს არავინ დასაქმებულა. როგორც BMG-ს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში უთხრეს, საქართველოსა და ისრაელის მთავრობას შორის საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 1 587 მოქალაქემ გაიარა.

აღასანიშნავია, რომ გერმანიასთან დადებული ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ისრაელთან განსაზღვრულია კვოტა, რომელიც 1000 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.

“საქართველოს მხარის მიერ სულ ისრაელის სახელმწიფოში ზემოხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმებისათვის გაგზავნილი იქნა 125 განაცხადი. შეთანხმება ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპიან შერჩევის პროცესს და ქართული მხარე ელოდება ინფორმაციას ისრაელის შესაბამის პარტნიორ უწყებასთან გაგზავნილი 60 მოქალაქის განაცხადის თაობაზე”, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ვერ შეძლეს შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მოთხოვნის, შესაბამის სფეროში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ამიტომ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, შემუშავდა მოკლე ვადიანი (144 საათიანი ერთი თვის ხანგრძლივობის) კურსი შინმოვლის სფეროში.

“კურსის გავლის შემდგომ, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩაერთონ საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის, ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის პროცესში. კურსების ჩატარების შესახებ ავტორიზაცია უკვე მიღებული აქვს 4 პროფესიულ სასწავლებელს”,  - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი გასული წლის აპრილიდან დაიწყო.

ისრაელსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით 5300 შეკელს შეადგენს, რაც დაახლოებით, 1600 დოლარია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა