მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის პენსია აფხაზეთში?

5d950a1a5820f
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.19 00:05
14323
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასცა დაპირება, რომ 2020 წელს საქართველოში ასაკობრივი პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის კი დამატებით 30 ლარით (ჯამში 50 ლარით) გაიზრდება. ეს დაპირებაც ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური დახმარებების შესახებ გაცემული სხვა დაპირებები, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებსა და საქართველოს პასპორტის არმქონე პირებს ვერ შეეხება.

დღეს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ დაზუსტებული და სანდო სტატისტიკური ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს. რუსული მედიისა და კიდევ სხვა წყაროების მეშვეობით შესაძლებელია გავიგით თუ რა არის დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული რეჟიმისა და კრემლის მიერ გაცემული პენსიების ოდენობა.

აფხაზეთში დაახლოებით 50 ათასამდე ასაკით პენსიონერი ცხოვრობს, რომელთა უდიდესი ნაწილიც რუსულ პასპორტს ატარებს. რუსული სააგენტო სპუტნიკის, ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საბაზო პენსია 5,334 რუბლით განისაზღვრება, რაც ლარებში 244 ლარს შეადგენს. 2024 წლიდან კი საბაზო პენსიის მოცულობა 7,131 რუბლამდე გაიზრდება, რაც დღევანდელი კურსით 327 ლარს უდრის.

ამასთანავე, აფხაზეთში გაიცემა ადგილობრივი პენსიებიც, რაც მრავალ კრიტერიუმზე არის მიბმული. საბაზო პენსია, რასაც აფხაზეთის ე.წ. “პასპორტის” მფლობელი პენსიონერები იღებენ 1500 რუბლს უდრის, რაც ლარებში 68 ლარსა და 85 თეთრს შეადგენს. ამავე სისტემით, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, ხანდაზმულობის პენსიის დანამატი 200 რუბლს უდრის.

განსხვავებული ვითარებაა გალის რაიონში, რომლის მაცხოვრებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს რუსულ პასპორტს, რის გამოც მათი უმეტესობა აფხაზურ პენსიას იღებს.

სხვა საფეხურებსა და დანამატებს რაც შეეხება, 100 წელზე უფროსებისა და ომის ვეტერანებისთვის 5000 რუბლის პენსია, მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის კი 1000 რუბლის, ანუ 45 ლარისა და 90 თეთრის შემწეობა არის დადგენილი.