მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდება საქართველოს ოჯახების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა

5dcbff617af88
თელარა გელანტია
14.11.19 09:00
1145
რა ინვესტიცია და რესურსები სჭირდება საქართველოს ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევისთვის, რა როლს შეასრულებს ეს პროცესი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის - ამ და სხვა საკითხებს მიეძღვნება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ანგარიშის „მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019: ოჯახები ცვალებად მსოფლიოში" პრეზენტაცია.

ღონისძიება დღეს, 09:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" იმართება.

ანგარიშს თავად მისი ავტორი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებისა და კვლევების ხელმძღვანელი შაჰრა რაზავი წარადგენს. სავარაუდო ხარჯების შესახებ პრეზენტაციას კი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მირა ბირბაუმი გამართავს.

ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ის განსახორციელებელი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან საკანონმდებლო და პოლიტიკის ცვლილებებს. ასევე, ის რესურსები და სავარაუდო ხარჯები, რომლებიც ქვეყანას ოჯახზე მორგებული სერვისებისა და სოციალური უზრუნველყოფის შემწეობების განსახორციელებლად დასჭირდება. ანგარიში დაეხმარება ქვეყანას მუშაობა დაიწყოს ოჯახზე მორგებული პოლიტიკის შექმნაზე, რაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ერონულ დონეზე აღსრულების მნიშვნელოვანი საკითხია.

„მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019: ოჯახები ცვალებად მსოფლიოში" გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძირითადი ანგარიშია, რომელიც ოჯახების ამჟამინდელი რეალობის შეფასებას წარმოადგენს. იგი აერთიანებს გლობალურ, რეგიონულ თუ ეროვნულ მონაცემებს და მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზს, როგორებიცაა საოჯახო სამართალი, შემოსავალი და დასაქმება, აუნაზღაურებელი შრომა, ქალთა მიმართ ძალადობა, მიგრაცია და სხვა.