მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელის ტურიზმს - ნათია თურნავას მოლოდინები

5e8af1eba6da6
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.20 13:33
1571
"მთლიანობაში ზარალობს ეკონომიკა, მთლიანობაში ზარალობს ბიზნეს სექტორი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტურიზმში შექმნილი გამოწვევების, ჯამურად, ეკონომიკაზე გავლენას შეეხებოდა.   

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, არ შეიძლება ცალკე რომელიმე სექტორის გამოყოფა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორის განვითარება შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება გლობალურ მდგომარეობაზე, ვინაიდან ამ სექტორში ძირითადი კონტრიბუტორი საერთაშორისო ტურიზმია.

„მე არ გამოვყოფდი რომელიმე ცალკეულ დარგს იმიტომ, რომ გლობალური კრიზისის ზეგავლენა დაიწყო ტურიზმიდან და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით, მაგრამ, დღესდღეობით, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მთლიანად - რა ზარალს განიცდის ეკონომიკა. სხვადასხვა მოლოდინები ქვეყნდება, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 0%-ით გაიზრდება ანუ ზრდა არ იქნება...   ამ ვითარებაში ჩვენ დამოკიდებულები ვართ გლობალურ ბაზარზე -  მთლიანობაში მსოფლიო როდის მოერევა ამ გამოწვევას; შეიძლება შიდა ტურიზმი უფრო მალე განვითარდეს როგორც კი ჩვენ შევძლებთ უსაფრთხოდ ყოფნას და მოვერევით ამ გამოწვევას, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი ტურიზმის განვითარებაში იყო საერთაშორისო ტურიზმი და აქედან გამომდინარე, ეს არის მრავალმხრივი პროცესი, რომელიც მარტო ჩვენზე და ჩვენს ქმედებებზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე მუშაობს, რათა "ეკონომიკა მალე ამოიქოქოს".

„მთლიანობაში ზარალობს ეკონომიკა, მთლიანობაში ზარალობს ბიზნეს სექტორი და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავანეიტრალოთ და შევარბილოთ ეს ნეგატიური გავლენა მოსახლეობასა და ბიზნესზე; რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური გავხადოთ ვირუსთან ბრძოლის პერიოდი, რადგან ყველაზე მძიმე - ბიზნესების გაჩერების პერიოდი მაქსიმალურად მოკლე იყოს და ასევე, ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრის დავალებით  ბიზნესის პოსტკრიზისული აღორძინების და ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, შევძლოთ კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.