მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფაქტორებმა განაპირობა ნოემბერში 7.7%-იანი ეკონომიკური ვარდნა - განმარტება

5fed8ac699f69
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.20 12:30
1165
2020 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 7.7%-ით შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ამავე დოკუმენტის თანახმად, 11 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულზე უფრო მეტად შემცირდა და ჯამურად რეცესიამ 5.9% შეადგინა. დღესვე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა სპეციალური ბრიფინგი იმის შესახებ თუ რა ფაქტორებმა განაპირობეს გასული თვის განმავლობაში ეკონომიკის 7.7%-იანი ვარდნა. მისი განცხადებით, სექტორებს შორის ყველაზე მეტი წვლილი შემცირებაში მშენებლობის სექტორმა შეასრულა.

ფაქტორები, რომლებმაც 2020 წლის ნოემბერში ეკონომიკის 7.7%-იანი ვარდნა განაპირობეს - გოგიტა თოდრაძის განმარტება:

“მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით. შემცირდა ასევე შემუშავებული სამშენებლო პროექტების მოცულობა; 15%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, ხოლო 11%-ით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტი.

ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად განპირობებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებით. აღნიშნული დარგის გარდა, შემცირდა ტვირთების დამუშავებასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობა.

სასტუმროების და რესტორნების სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან დაახლოებით 92%-ით არის შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რაც, რასაკვირველია, გავლენას ახდენს ტურისტული სააგენტოების და სასტუმროების შემოსავლებზე.

ხელოვნების გართობისა და დასვენების სექტორში კლების გამომწვევ მიზეზად გვევლინება როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ისე დასვენების, გართობის, სპორტის და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების შემცირება.

ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან. დაახლოებით, 62%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. შემცირებულია ასევე საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით და ალკოჰოლური სასმელებით, ასევე საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით.

რაც შეეხება ზრდებს ცალკეულ დარგებში - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდის მიზეზი იყო მეტალურგიულ მრეწველობაში განვითარებული მოვლენები. გაიზარდა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების ასევე ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოების მოცულობა. 2020 წლის ნოემბერში, დაახლოებით, 3.5-ჯერ არის გაზრდილი ფეროსილიკონ მანგანუმის ექსპორტი.

საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის გამოწვევ მიზეზად გვევლინება კომერციულ ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან. ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მატებამ. წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის სექტორში ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავების და უტილიზაციის საქმიანობასთან", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით არის შემცირებული.