საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2023 სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, მშენებლობამ, ვაჭრობამ, სასტუმრო და რესტორნებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკის ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში უცხოელების მიერ ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელი შემცირდა.
„2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 13%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 18%-ით. 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში დაახლოებით 6100 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 14%-ით ჩამორჩება. კლება ძირითადად განპირობებულია უცხო ინდმეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 3%-ით გაიზარდა და 12 მლრდ 170 მლნ ლარს გადააჭარბა“, - განმარტა თოდრაძემ.
საქსტატის ხელმძღვანელმა ის დარგები დაასახელა, რომლებშიც სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკა სექტემბერში 5.1%-ით გაიზარდა.
„რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან და ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამშენებლო მასალების იმპორტი დაახლოებით 19%-ით გაიზარდა, ცემენტის იმპორტის მიმართულებით კი 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზად კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა გვევლინება.
ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყოს ავტომობილების ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. მოგეხსენებათ საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 87%-ით გაიზარდა ძირითადად ყირგიზეთის და ყაზახეთის მიმართულებით, თუმცა გარდა ამისა გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოთი ვაჭრობის მოცულობაც.
სასტუმროების და რესტორნების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ტურიზმთან. 2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ვიზიტი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია“, - განმარტა საქსტატის ხელმძღვანელმა.
გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, დამმუშავებელ, უძრავი ქონების ოპერაციების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში კლება შემდეგი ფაქტორებით იყო განპირობებული:
„ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, რამდენიმე სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. უპირველეს ყოვლისა ეს დამმუშავებელი მრეწველობაა, სადაც კლების გამომწვევ ძირითად მიზეზად მეტალურგიული მრეწველობა გვევლინება. კერძოდ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობის შემცირება. აქვე აღსანიშნია, რომ ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად აშშ-სა და რუსეთის მიმართულებით, დაახლოებით 28.29%-ით არის შემცირებული.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში კლებას განაპირობებს დასაწყობებისა და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების მოცულობის შემცირება.
რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს, აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საკუთარი, ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან“, - განმარტა თოდრაძემ.