მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის? - ტიკარაძის პასუხი

60896a5a03619
ინგა მურუსიძე
28.04.21 21:50
537
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავისი ყველა თანამშრომლით ინტენსიურად იყო ჩართული ვაქცინების მოპოვებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს პირველი პარტნიორი იყო „კოვაქს-პლატფორმა“, რომელთან შეთანხმებითაც განსაზღვრული იყო, რომ საქართველოს ბილატერალური მოლაპარაკებები არ ეწარმოებინა.

„კოვაქს-პლატფორმასთან წარმოებული მოლაპარაკებებით და დადებული შეთანხმების შედეგად, ასევე ვაქცინაციის კალენდრით, რომელიც დამტკიცებულია, მოგვეცა უფლება გამოგვეყენებინა არა მხოლოდ „ასტრაზენეკა“, არამედ „ფაიზერი“, რომლითაც ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მსგავსი 3 ქვეყანა სარგებლობს. ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ რთულია იმ ცივი ჯაჭვის დაცვა, რომელიც ამ ვაქცინას სჭირდება. ეს პროცესი ყველა კომპონენტში იყო ნამართი სწორად, ამიტომ მოგვეცა საშუალება მწარმოებელთან გვეწარმოებინა მოლაპარაკებები“, - განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ სწორედ ამ მოლაპარაკებების წყალობით, „ფაიზერის“ მილიონი დოზა დღესდღეობით სიზმარი აღარ არის და უკვე მიმდინარეობს თარიღების დაზუსტება, როცა ეს ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.

„გარდა ამისა, ჩინურ ვაქცინაზე იყო აქტიური მოლაპარაკებები, შედეგი სახეზეა და „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს, ხელმისაწვდომია „სინოვაკიც“. ვაქცინაცია ამ პრეპარატებით იწყება მაშინ, როცა ევროპელი პარტნიორები გვეტყვიან, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო.

მოქალაქეები გარანტირებულად მიიღებენ 350 ათას დოზა „სინოფარმს“, მილიონ დოზა „ფაიზერს“, 100 ათასამდე დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღეს გამოვიდა კონტაქტზე „ჯონსონი და ჯონსონის“ წარმომადგენელი.

„ის აქამდე უარს აცხადებდა საქართველოსთან კომუნიკაციაზე და ახლა ეს მიდგომა შეიცვალა. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ დოზებსა და თარიღებზე ვსაუბრობთ“, - განმარტა მინისტრმა.