მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამარტივდა დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების წესში?

5fb3f9a4eb518
ანუკა ჯოხაძე
17.11.20 21:20
2687
საქართველოს მთავრობა, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, 2020 წლის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უპრეცედენტო ინიციატივას განახორციელებს საგადასახადო სისტემაში. ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იტყობინება.

უწყების ცნობით, 2020 წლის 17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ.

დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის დროს 2018 წელს დაანონსა. ხოლო აღნიშნული მექანიზმი 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა, თუმცა როგორც ირკვევა განსხვავება დღეს და 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებულ მექანიზმებს შორის ისაა, რომ ადრე თუ კომპანიებს დღგ-ს დაბრუნებისთვის მოთხოვნის წარდგენა უწევდათ, დღეს მათ თანხა ავტომატურად, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე დაუბრუნდებათ.

აღნიშნულ ცვლილებებას დადებითად აფასებენ სპეციალისტები და ამბობენ, რომ ტექნიკური ცვლილებება რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა ბიზნესებს როგორც ადმინისტრაციულ რესურსს გამოუთავისუფლებს, ისე გაზრდის კერძო სექტორის მხრიდან ნდობას არსებული მექანიზმის მიმართ.

“ვფიქრობ რომ აღნიშნულმა ცვლილებამ შეიძლება გაზარდოს ნდობა ზოგადად დღგ-ს დაბრუნების სისტემის მიმართ. ვინაიდან არსებობდნენ ისეთი გადამხდელები, რომლებიც თავს იკავებდნენ დღგ-ს ავტომატური დაბრუნებისგან, ვინაიდან ფიქრობდნენ რომ ეს იყო სარისკო მოვლენა და ქმედება, რომელიც გამოიწვევდა გართულებას, მაგალითად საგადასახადო აუდიტს. ასეთი მიდგომები იყო თავიდან გავრცელებული, შემდგომ ეს პროცესიც უფრო დაიხვეწა და ბევრი სარგებლობს დღგ-ს დაბრუნების უფლებით", – ამბობს შალვა კილასონია, BDO საგასახადო მენეჯერი.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საერთო ჯამში აღნიშნული ცვლილებით 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს. დღგ-ის ზედმეტობების სწრაფი და მარტივი დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე გვიხსნის, რომ აღნიშნული ცვლილება ბიზნესს განსაკუთრებით ისეთ კრიზისულ მდგომარეობაში, რომელშიც პანდემიის გათვალისწინებით აღმოჩნდნენ, ლიკვიდობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

“ცვლილება იმ ბიზნესებს დაეხმარებათ, რომლებსაც ჩათვლის უფლებით გათვალისწინებული ოპერაციები აქვთ, მაგალითად გადამზიდავებს, რომლებსაც თვის ბოლოს არანაირი განცხადება არ დასჭირდებათ და ზედმეტობა ანგარიშზე ავტომატურად დაუბრუნდებათ. ეს სისტემა გარკვეულ ქვეყნებში არის და მთლიანობაში დღგ-ს დაბრუნება ასე მუშაობს, ანუ ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურად უნდა მოხდეს ყველანაირი განცხადების გარეშე. ეს საქართველოში რომ მოხდა, ნიშნავს რომ ბიზნესის მიმართ ნდობა გაიზარდა, IT კუთხით დაიხვეწა სისტემა, იმიტომ რომ იყო გარკვეული კუთხით ხარვეზები", - ამბობს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე.

ზოგადად რეფორმას, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მოქმედებს, დადებითად აფასებს Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი, თუმცა საუბრობს ხარვეზებზე. უფრო კონკრეტულად დღგ-ს ავტომატური დაბრუნება არ ვრცელდება 2019 წლამდე არსებულ ზედმეტობებზე და ასევე ავტომატური დაბრუნების სისტემა არ მოქმედებს სხვა გადასახადებზე.

“სანამ გადამხდელი მივა იქამდე, რომ ღილაკს ხელი დააჭიროს და ზედმეტობა მოითხოვოს, იქამდე მთლიანი ზედმეტობის ბარათიდან დღგ-ს ზედმეტობის ბარათზე თანხის გადმოსვლას ელოდება, ამ დროს ტარდება კონტროლის პროცედურები, რომელსაც ერთი ან ორი კვირა სჭირდება. ეს პროცესი ასე თუ ისე სამართლიანია და როცა სრულდება, ანუ მთლიანი ზედმეტობის თანხა აისახება დღგ-ს ზედმეტობის თანხაში, მოთხოვნის გაშვების შემდეგ, მეორე დღესვე უბრუნდება თანხა გადასახადის გადამხდელს. ძალიან ბევრი სასაყვედურო შემოსავლების სამსახურთან არ გვაქვს, კი არის რაღაც დისკომფორტი, გადამხდელებს განმარტებებს სთხოვენ, მაგრამ ეს გასაგებია, შემოსავლების სამსახურსაც უნდა რომ დარწმუნდნენ, რომ კომპანიას ზედმეტობა ეკუთვნის. რაზეც არ ვრცელდება ავტომატური დაბრუნების წესი, ის პროცესიც თუ არ გაუარესდება და ძველებურ ნიშნულზე მაინც შენარჩუნდება ეს იქნება უკეთესი, იმიტომ რომ არის 2017-18 წლების ზედმეტობები, რაც ამ გამარტივებულ სისტემაში არ ხვდება", - ამბობს Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთო ჯამში ახალი მექანიზმით სარგებლობის შემდეგ გადასახადის გადამხდელებს ავტომატურად, მოთხოვნის წარდგენის გარეშე ყოველწლიურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის თანხა დაუბრუნდებათ.