11.მაისი .2020 16:40

რა გამოწვევების წინაშეა უძრავი ქონების ბაზარი - "კუშმან & ვეიქფილდი" კვლევა

რა გამოწვევების წინაშეა უძრავი ქონების ბაზარი -
views 848
უკან

COVID-19-ით გამოწვეულმა არასტაბილურმა ვითარებამ, ქვეყნის შიგნით გადაადგილების აკრძალვამ და საყოველთაო პესიმისტურმა განწყობამ რეზიდენტული ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

უძრავი ქონების ბაზარზე კოვიდ-19-ის გავლენის შესახებ კვლევის შედეგებს უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „კუშმან & ვეიქფილდი“ ავრცელებს, რომელშიც ჩართული იყო თბილისის რეზიდენტული ბაზრის წამყვანი დეველოპერი კომპანიები, რომლებიც ერთობლივად ბაზრის 50%-ზე მეტ წილს ფლობენ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, კვლევა ორ ეტაპად - მარტის და აპრილის ბოლო კვირებში ჩატარდა. პირველ ეტაპზე, კითხვარს რესპონდენტთა 58% გამოეხმაურა, მეორე ეტაპზე კი - 60%.

„ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და რიგი რეგულაციების შემოღებამ გარკვეული გავლენა იქონია გამოკითხული დეველოპერების საქმიანობაზე. ჯანდაცვის წარმომადგენელთა რეკომენდაციების თანახმად, დეველოპერები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ; გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ ისინი ონლაინ გაყიდვების სტრატეგიის გაძლიერებაზე ფოკუსირდნენ; 29%-მა დაიწყო ანტიკრიზისული ზომების გატარება, 14% შეუდგა კომპანიის სტრუქტურულ ოპტიმიზაციაზე ფიქრს. დანარჩენმა 14%-მა კი, დაიწყო კომპანიის ფინანსური ოპტიმიზაცია მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირების გათვალისწინებით. კვლევის პირველ ეტაპზე გამოკითხული ყველა კომპანია აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს, გარდა ერთისა. მას გარკვეული პრობლემა შეემთხვა იმპორტირებული სამშენებლო მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.

აპრილი უფრო რთული აღმოჩნდა დეველოპერებისთვის, რაც განაპირობა სამშენებლო პროდუქციის მიწოდების შეფერხებამ და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამკაცრებულმა სამთავრობო რეგულაციებმა, საქალაქთაშორისო მიმოსვლისა და სატრანსპორტო საშუალებების აკრძალვამ. გაჩნდა მუშახელის დეფიციტი, ვინაიდან მშენებელთა უმრავლესობა ქალაქგარეთ ან პერიფერიებში ცხოვრობს, ისინი ქალაქში დაბრუნებასა და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. გამოკითხულმა დეველოპერებმა აღნიშნეს, რომ ამ ფაქტმა, მუშახელის 30-50%-იანი შემცირება გამოიწვია, რესპონდენტთა 78%-მა კი დააფიქსირა, რომ მათ ამ ეტაპამდეც ჰქონდათ სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფასთან და მუშახელის სიმცირესთან დაკავშირებული პრობლემები. დეველოპერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ სფეროში დისტანციური მუშაობა არც თუ ისეთი ეფექტურია.

ამ ყველაფრის და სხვა ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერების გათვალისწინებით, მთავარ გამოწვევად პროექტების ჩაბარების ვადების დარღვევა სახელდება. აპრილში, მიმდინარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% კი, შეფერხდა. რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, გამოკითხულთა 67%-მა აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტების შესრულების დაწყება მინიმუმ სამი თვით ან უფრო რეალისტურად 1 წლით გადავადდა. ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო, კონცეპტუალური დაგეგმარების ეტაპზე რჩება.

გასაკვირი არაა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვან დაბრკოლებად შემოსავლის მოსალოდნელი შემცირება სახელდება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხული დეველოპერების პროექტების პორტფელი, გაყიდვების მეთოდიკა და განრიგი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, ფინანსური სირთულეები განსხავებულად აისახა სხვადასხვა დეველოპერზე. ჩვენი კვლევის მონაწილეთა შორის არიან ისეთი კომპანიები, რომლებმაც მიმდინარე კრიზისის ფონზე ნაკლებად იზარალეს. ამ კომპანიებმა საახალწლო პერიოდში სპეციალური გაყიდვების კამპანია აწარმოეს. შესაბამისად, პანდემიის გამოცხადებამდე მათ მშენებარე პროექტებში არსებული საცხოვრებელი ფართების დიდი ნაწილი გაყიდეს.

გაყიდვების შემცირების გარდა, დეველოპერთა ნაწილმა შემოსავლის კლების მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაასახელა. ფინანსური ვალდებულების მქონე კომპანიებმა საშეღავათო პერიოდი მოითხოვეს თვიური გადასახადების გადავადების მიზნით. კვლევის მეორე ეტაპზე, დეველოპერებმა დაიწყეს ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბარი: ონლაინ გაყიდვების გუნდი აქტიურ კომუნიკაციაშია პოტენციურ კლიენტთან, თუმცა კლიენტს არ აქვს საშუალება სასურველი ბინა ადგილზე ნახოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს, ამიტომ ის იძულებულია ბინა პირდაპირ ვირტუალურად შეიძინოს”, - ნათქვამია კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა