მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირდა საშუალოდ 1 მ²-ის აშენება 2022 წელს? – TBC Capital-ის მიმოხილვა

646a0f6583649
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.23 17:16
8199
TBC Capital-მა სამშენებლო სექტორის გზამკვლევი გამოაქვეყნა, რომელშიც სამშენებლო პროექტების შემოსავლიანობა და მომგებიანობა, ხარჯების განაწილებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში წარმოდგენილი ძირითადი მიგნებების მიხედვით, 2022 წელს დეველოპერული პროექტების 1 მ²-ის ასაშენებლად გაწეული ხარჯი თბილისის შემთხვევაში $546-ს, ბათუმში კი $502-ს გაუტოლდა. შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში საცხოვრებელი ფართის 1 მ²-ის საშულო გასაყიდი ფასი კი თბილისში 1,092 დოლარი, ხოლო ბათუმში 1,159 დოლარი იყო.

„მთლიანობაში, დეველოპერული პროექტების მომგებიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ გაწეულ ხარჯსა და წმინდა მოგებას შორის კავშირი სუსტია: დეველოპერული კომპანიების მოგება მეტწილად აიხსნება სხვა ფაქტორებით, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყოს კომპანიის რეპუტაცია და გამოცდილება, პროექტის ხელსაყრელი მდებარეობა, ეფექტიანი მარკეტინგული კამპანია და მაღალკვალიფიციური გაყიდვების გუნდი“, - აღნიშნავენ სექტორალური გზამკვლევის ავტორები.

რაც შეეხება სამშენებლო ხარჯებს, დარგის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ დეველოპერული პროექტების მონაცემების მიხედვით, ხარჯების უდიდესი ნაწილი - 57% სამშენებლო მასალებზე და 27% ხელფასებზე მოდიოდა. სამშენებლო მასალების შემთხვევაში, 2020 წელს COVID-19-ის გავრცელების და დაწესებული შეზღუდვების გამო მოთხოვნა ბაზარზე შესუსტდა. 2021 წელს კი, სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის აღდგენა დაიწყო (+7% წ/წ აშშ დოლარში), ხოლო 2022 წელს მთავრობის კაპიტალური ხარჯები და საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ჯამურად (აშშ დოლარში) 36%-ით გაიზარდა.

„მოთხოვნის ზრდის შედეგად, 2022 წელს სამშენებლო მასალების ბაზარი, რომელიც მოიცავს არმატურის და ფოლადის სხვა მასალების, ცემენტის, ბეტონის, ინერტული მასალის და საკედლე ბლოკის წარმოებას და იმპორტს, აშშ დოლარში 30%-ით, ხოლო ლარში 2021 წელთან შედარებით (ექსპორტის გამოკლებით) 18%-ით გაიზარდა.

2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ფასები კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდა. უკრაინაში საწარმოო ინფრასტრუქტურის ნაწილობრივ განადგურებამ და საომარი ვითარების გამო საწარმოო პროცესის გაჩერებამ და შემდეგ რუსეთზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა მსოფლიო ბაზარზე გამოიწვიეს სასურსათო პროდუქციის, ძირითადი ლითონების და ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა. აღნიშნული ფაქტორების შედეგად, საქართველოში სამშენებლო მასალების ფასები (ლარში) 2021 წელს 23%-ით, ხოლო 2022 წელს კი დამატებით 14%-ით გაიზარდა (აშშ დოლარში ზრდა შესაბამისად იყო 19% და 26%). თუმცა 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩინეთში ეკონომიკის ზრდის შენელების, ევროკავშირში და აშშ-ში ეკონომიკური რეცესიის მოლოდინის და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფონზე სასაქონლო ფასებმა მსოფლიო ბაზრებზე შემცირება დაიწყო.

2023 წლის თებერვლის მდგომარეობით ფასები მხოლოდ მცირედით აღემატება ომამდელ მაჩვენებლებს. უშუალოდ მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით, ჩატარებული ინტერვიუების შედეგად გამოვლინდა, რომ მშენებლობის პროცესის ხანგრძლივობა და დანახარჯები შემდეგ ძირითად ფაქტორებზეა დამოკიდებული: გამოყენებული მასალების ხარისხი, პროექტის არქიტექტურული ფორმები და პროექტის ადგილმდებარეობა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები