მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება მომხმარებლისთვის "მომხმარებელთა უფლებების კანონის" ამოქმედების შემდეგ

6245e24200454
მარიამ ვარადაშვილი
01.04.22 00:12
1696
“სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ კობალაძის თქმით, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონს ბიზნესის ნაწილი უჭერს მხარს, რომელთაც კარგად ესმით კონკურენციის არსებობის მნიშვნელობა. ცნობისთვის,  მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი ძალაში ივნისიდან შევა და მის აღსრულება კონკურენციის სააგენტო გააკონტროლებს.

“ბიზნესის დიდი ნაწილი ინფორმირებულია ამ კანონის შესახებ. მათი წარმომადგენლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ამ კანონის განხილვაში, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი ბევრი რეკომენდაცია გათვალისწინებულია. ამის მიუხედავად, ნაწილში ამ კანონის მიმართ განწყობა მაინც ნეგატიური რჩება. როცა ეს კანონი ძალაში შევა მგონი ყველა დაინახავს რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს კანონი არანაირ საფრთხეს არ შეიცავს”,- აცხადებს კობალაძე.

პარლამენტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი 29 მარტს მიიღო. კანონით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მაგალითად ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს. რეგულაციამ მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც უნდა დაიცვას, ამიტომ ბიზნესსუბიექტებს ევალებათ, მყიდველს ამა თუ იმ პროდუქტსა და მის ფასზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

“ეს კანონი მეწარმეებს ავალდებულებს მიაწოდონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია იმ პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ, რომელსაც ისინი აწვდიან. მომხმარებელი დაცული უნდა იყოს, რომ თუ ფასდაკლებაა გარკვეულ პროდუქტზე, მართლა ფასდაკლება იყოს და არ იყოს ისეთი ხრიკები გამოყენებული რომ პროდუქტს მომატებული ფასი ეწეროს, შემდეგ გადახაზული იყოს და დაკლებული ფასი დაწერილი ან/და ცოტა ხნით იყოს ფასი მომატებული და შემდეგ დაკლებული და ეს როგორც ფასდაკლებად ასე იყოს გამოცხადებული”, - ამბობს ვახტანგ კობალაძე.

მისივე განმარტებით, თუ მეწარმესთან მომხმარებელმა კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მას უფლება აქვს კონკურენციის სააგენტოს მიმართოს. ამასთან, კონკურენციის სააგენტოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითაც განახორციელოს ბაზრის მონიტორინგი.

“სააგენტოს მითითებების შესრულება მეწარმეებისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო თუ არ დაემორჩილებიან კონკურენციის სააგენტოს ამ მეწარმეების დაჯარიმების უფლება ექნება”, - ამბობს “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი.

ამავე თემაზე: ონლაინ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება 14 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი - კანონპროექტი