მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იგულისხმეს მინისტრებმა "იმპორტის ჩანაცვლებაში" - ლევან დავითაშვილის პასუხი bm.ge-ის

5e8c8962270b4
ინგა მურუსიძე
07.04.20 18:26
1328
"ჩვენ ვსაუბრობდით თვითუზრუნველყოფის ამაღლებაზე ანუ მეტი საკუთარი პროდუქციის დამზადებაზე, ეს სტრატეგიული მიმართულება გრძელდება და ამის გადახედვაზე საუბარი არ არის" - ასე უპასუხა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც ბოლო დღეებში "იმპორტის ჩანაცვლებასთან" დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

bm.ge: იმ ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას აქვს, გარკვეული კითხვები გააჩინა იმპორტის ჩანაცვლებაზე დაწყებულმა საუბრებმა. შეგიძლიათ, განმარტოთ, რას გულისხმობს მთავრობა "იმპორტის ჩანაცვლებაში" და აღნიშნული ტერმინი ყურს ხომ არ გჭრით?

„ერთი მხრივ, ეს ტერმინი ჩვენი ყოველდღიურობის ლექსიკის ნაწილი არ იყო და ამაში ვეთანხმები კითხვის დამსმელს. ჩვენ ვსაუბრობდით თვითუზრუნველყოფის ამაღლებაზე ანუ მეტი საკუთარი პროდუქციის დამზადებაზე, პრინციპში, ეს სტრატეგიული მიმართულება გრძელდება და ამის გადახედვაზე საუბარი არ არის. ბოლო წლებში ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, რომელიც იქნებოდა მდგრადი და კონკურენტუნარიანობაზე დამყარებული. ეს მიმართულება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიად დარჩება, რომელიც ითვალისწინებს მეტი ადგილობრივი წარმოების გაჩენას, რაც წინა მთავრობის პირობებში არ იყო არც გაცხადებული და არც საქმით დადასტურებული პრიორიტეტი. მეორე შეხედულება არის ექსპორტის ხელშეწყობა და ეს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პირობებში, მთელ მსოფლიოში ბევრი რამის გადახედვა და გადააზრება ხდება და ბევრი ქვეყნის პოლიტიკაში იცვლება მიდგომები, ამიტომ საქართველოშიც ეს მიდგომა გასაკვირი არ უნდა იყოს.

„არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ განსხვავებულ მიდგომებს შევთავაზებთ ბიზნესს და საზოგადოებას. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია და პირიქით - გაცილებით ცუდი იქნებოდა, თუ მთავრობას არ ექნებოდა მსგავსი ადეკვატური მიდგომები და ახალ გამოწვევბს ვერ გასცემდა სათანადო პასუხს. დღეს ჩვენ დავინახეთ და გაეროს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ბევრ ქვეყანაში იყო სასურსათო ჯაჭვის წყვეტა, ხდება მიწოდების ჯაჭვში პრობლემები, რაც უკავშირდება პირველადი საჭიროების ნივთების და ა.შ. მიწოდებას. ბევრი რამის გადააზრება ხდება ბევრი ქვეყნის მიერ და ჩვენც ასე გავაკეთეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან ამ კუთხით კარგ მაგალითად დაასახელა ეკონომიკის სამინისტროს აქტიურობა და ბიზნესები, რომლებმაც ოპერატიულად შეძლეს წარმოების დაწყება.

„იგივე შემიძლია ვთქვა სოფლის მეურნეობის სფეროს პროდუქტებზე, დრო სჭირდება ადაპტაციას, მაგრამ აქაც გვექნება მხედველობაში ისეთი კონკრეტული წარმოებების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებსაც შეუძლია პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვფიქრობ, ჩვენი განცხადებებიც და საქმეებიც ადეკვატურია“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ერთ-ერთი პირველი, ვინც ტერმინ "იმპორტის ჩანაცვლების" გამო მთავრობა გააკრიტიკა, ექსპორტის განივითარების ასოციაცია იყო.