"ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იანვარში ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასა და სავაჭრო მაჩვენებლებზე ისაუბრა. დავითაშვილის თქმით, იანვრის საგარეო ვაჭრობის ანგარიში მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მაღალია და ამ მხრივ შემცირების ნიშნები არ არსებობს.
"იანვარში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს აღემატება და მნიშვნელოვნად, თითქმის 40%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ექსპორტიც, რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. იანვარში საქართველოდან ექსპორტმა 403 მლნ დოლარი შეადგინა. გაზრდილია ასევე იმპორტიც, რომელმაც 1.6 მილიარდ დოლარამდეა. ჯამში, როგორც მოგახსენეთ, სავაჭრო ბრუნვა ორ მილიარდ დოლარს აღემატება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მოხმარება გაზრდილია და ეკონომიკური აქტივობა იანვრის თვეში იყო საკმაოდ მაღალი," – განაცხადა დავითაშვილმა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ექსპორტი 19.3%-ით გაიზარდა და 403.8 მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტის ზრდის მაჩვენებელმა 45% შეადგინა და 1.6 მლრდ დოლარი დაფიქსირდა.
ამასთან, მიუხედავად ექსპორტისა და იმპორტის ზრდისა, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშის თანახმად, დღგ-დან შემოსული თანხა იანვარში 806 მილიონი ლარი იყო, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 7 მილიონი ლარით ნაკლებია. ექსპერტების შეფასებით, დღგ-დან შემოსავლების შემცირება, შესაძლოა, ეკონომიკური აქტივობის შენელების ნიშანი იყოს.