მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მაჩვენებლებით დაასრულა უკრაინის ეკონომიკამ 2022 წელი?

63bcfb5b11807
თათია კაკიაშვილი
10.01.23 10:31
919

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გასულ წელს უკრაინაში, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე მკვეთრი ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა. თუმცა, ეკონომისტების თქმით, უარესი სცენარიც მოსალოდნელი იყო, რომ არა საერთაშორისო მხარდაჭერა. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნამ 30.4% შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ეკონომიკური ანალიტიკოსების თქმით, რისკები და გაურკვევლობა მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გააგრძელებს. მშპ-ის კლება თავად ეკონომიკის მინისტრმა - იულია სვირიდენკომ შეაფასა, როგორც ყველაზე დიდი მას შემდეგ, რაც 1991 წელს უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა მინისტრმა დასძინა ისიც, რომ ვარდნა მოსალოდნელზე უფრო მცირე იყო.

“2022 წელს უკრაინის ეკონომიკამ განიცადა ყველაზე დიდი ზარალი დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში და ეს ზარალი მას რუსეთის ფედერაციამ მიაყენა. ფრონტის ხაზზე უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებებმა, მთავრობისა და ბიზნესის კოორდინირებულმა მუშაობამ, მოსახლეობის ურღვევმა სულისკვეთებამ და დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილების აღდგენის სიჩქარემ; ასევე საერთაშორისო დონორების სისტემურმა ფინანსურმა მხარდაჭერამ - მოგვცა საშუალება, რომ ეკონომიკური ფრონტი შეგვენარჩუნებინა და გამარჯვებისკენ მოძრაობა განვაგრძოთ!” - განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.

2022 წლის ყველაზე მძიმე გლობალური მოვლენა რუსეთ-უკრაინის ომი იყო, რომელმაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი სიკვდილი, ნგრევა, შეფერხდა სოფლის მეურნეობა, შეიზღუდა წვდომა შავი ზღვის პორტებთან, რომლებიც მარცვლეულისა და ლითონის ექსპორტისთვის და, ზოგადად, უკრაინის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, შემცირდა ექსპორტი ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაც სწორედ ექსპორტზეა დამოკიდებული. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს, 2021-თან შედარებით, ექსპორტი 35%-ით შემცირდა, ხოლო საექსპორტო მოცულობა - 38.4%-ით.

გლობალურად, უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია. ბუნებრივია, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ოკუპანტის შეჭრის შემდეგ, მარცვლეულის ექსპორტიც მკვეთრად შემცირდა, რუსეთმა ასევე ზოგიერთი საზღვაო პორტიც დაბლოკა, თუმცა ამის მიუხედავად, მარცვლეულის ექსპორტი 2022 წელს კვლავ შეადგენდა ქვეყნის ექსპორტის ძირითად ნაწილს.

ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში, უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკა 50%-ით შემცირდებოდა, თუ რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გააგრძელებდა. მალევე უკრაინის საინვესტიციო სახლმა - ICU-მ გააავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკამ “შეუძლებელი შეძლო”. პროგნოზები წლევანდელ ეკონომიკურ აღდგენაზეც გაკეთდა.

“2023 წელს, სუსტი შიდა მოთხოვნისა და საექსპორტო ლოგისტიკის მნიშვნელოვანი შეზღუდვების გამო, მნიშვნელოვანი ეკონომიკური აღდგენის მოლოდინი არ გვაქვს”, - წერს ICU.

2022 წლის ბოლო თვეებში უკრაინის ეკონომიკური ვარდნა მას შემდეგ შენელდა, რაც რუსებმა სამხრეთით, მათ შორის ხერსონის რეგიონში უკან დაიხიეს. ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, ნოემბრის 37%-იანი ვარდნის შემდეგ, დეკემბერში მშპ 34%-ით შემცირდა. უკრაინის ფინანსური სტაბილურობისა და ეკონომიკისთვის საგარეო დახმარება გადამწყვეტი მნიშვნელობის რჩება. მთავრობის ცნობით, ქვეყანამ 2022 წელს დაახლოებით 31 მილიარდი დოლარის უცხოური გრანტები და სესხები მიიღო. რაც შეეხება 2023 წელს, უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი 38 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მთავრობა მის დაფარვას საგარეო დახმარებით გეგმავს.

“საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ არა მხოლოდ იარაღით, არამედ ფულითაც, რადგან უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება,” - განაცხადა Dragon Capital-ის საინვესტიციო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ოლენა ბილანმა.

საინვესტიციო ბანკი Dragon Capital-ი წელს უკრაინის ეკონომიკის 5%-ით შემცირებას პროგნოზირებს. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს უკრაინის მშპ 3,4%-ით გაიზარდა.