ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებისთვის ქვეყანა დამატებით სახსრებს გამოყოფს. 100 მილიონ დოლარად შეფასებული თავდაცვის პაკეტი რიგით 51-ე იქნება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 2021 წლის აგვისტოს შემდეგ გამოყო.
სამხედრო დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო ტყვია-წამლის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და სხვა აღჭურვილობის დამატებითი ერთეულებით მომარაგებას ითვალისწინებს.
თავდაცვის პაკეტში შედის როგორც დამატებითი სამხედრო მასალა, ასევე სარაკეტო სისტემები, ჯაველინები და ცივი ამინდების აღჭურვილობა.
“შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს 50 მოკავშირისგან შემდგარ კოალიციასთან თანამშრომლობას, რომლებიც უკრაინას აძლევენ საშუალებას, ამჟამად თავი დაიცვას და მომავალში სრულად უკუაგდოს რუსული აგრესია. ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ამ დრომდე უკვე შეაგროვეს 36 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად. აშშ-ის ლიდერობით, გლობალურმა კოალიციამ უკრაინას მისცა შესაძლებლობა, მამაცურად დაეცვა თავისი სუვერენობა და დამოუკიდებლობა, მოეგო კრიტიკული ბრძოლები და რუსი ოკუპანტებისგან თავისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი გაეთავისუფლებინა”, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პრესრელიზში.