მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მექანიზმით ითხოვს პანდემიით გამოწვეული ზარალის კომპენსირებას სამშენებლო ინდუსტრია?

60ba31121fd6a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.21 19:56
843
მთავრობის მიერ გასული წლის 31 მარტიდან ამოქმედებულ 619-ე განკარგულების მიხედვით, ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, ხელშეკრულების ღირებულების 10% ან 20%-ით გაზრდას სთავაზობს. დამატებითი თანხა კომპანიებს სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ღირებულების საკომპენსაციოდ სჭირდებათ. ფასები კი პანდემიის გამო მნიშვნელოვნად შეიცვალა.

სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფო დახმარებას მიღების სირთულეებზე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მიმდინარე წლის მარტშიც საუბრობდა; დღეს კი 619-ე განკარგულების შეცვლის საკითხი საქართველოს ბიზნესასოციაციაში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

რა რეკომენდაციები აქვთ დარგის წარმომადგენლებს და რა სირთულეები ექმნებათ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სახელმწიფო ხელშეწყობის მისაღებად - ამ კითხვებით BM.GE-იმ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას მიმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას სამშენებლო მასალებზე ფასების გაზრდის ნაწილში დაზღვევის ინიციატივით გამოვიდა, დღემდე კომპანიები ამ პირობებით ვერ სარგებლობენ. დღეისთვის ფასები აბსოლუტურად ყველა სამშენებლო მასალაზე დრამატულად გაზრდილია, რამაც პროექტები მხოლოდ სამშენებლო მასალების ნაწილში 15-30%-ით გააძვირა. განკარგულების საფუძველზე საბუთების მომზადება და ანაზღაურების მიღება პრობლემურია. კომპანიებს დამატებითი დანახარჯების გაწევა უწევთ იმისთვის, რომ აუდიტორული მომსახურება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ან ტოპ-10 აუდიტორული კომპანიის საშუალებით მომზადდეს. ერთ-ერთი საკითხი ის არის, რომ მთელი ხარჯთაღრიცხვის შედარება ფაქტობრივ შესრულებასთან ხდება და მხოლოდ ის, რომ მასალებია გაძვირებული, შეიძლება არ იყოს საკმარისი. საბოლოო ჯამში, პირობები იმდენად ცუდად არის ჩამოყალიბებული, რომ ანაზღაურების მიღებაზე საბუთების შეტანა ერთეულ კომპანიებს აწყობთ. ამასთან, ანაზღაურება უნდა მოითხოვო მიღება-ჩაბარების გაფორმებამდე, მაშინ როდესაც სამუშაოების დასრულების შემდეგ თანამშრომლებთან და მასალების მომწოდებლებთან აღებული ვალდებულებების გამო მიღება-ჩაბარების დროული გაფორმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპერტიზის პროცესის დაწყება და ანაზღაურების ლოდინი, კომპანიებისთვის კაბალური პირობაა“, - განმარტავს ანა საბახტარაშვილი.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ის რჩევები დაასახელა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში კომპანიები აღნიშნულ განკარგულების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ. ის ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების გაზრდილი დანახარჯების გამო კონტრაქტების გაუქმებას ითხოვენ და ჯარიმების გადახდასაც არ ერიდებიან, რადგან მათთვის განკარგულებით სარგებლობისთვის დოკუმენტების მომზადება ბევრად დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენი შეთავაზება მარტივ პრინციპებს ეყრდნობა ეყრდნობა. ერთი არის სამშენებლო ხელშეკრულებების მენეჯმენტში აღიარებული ხელშეკრულებების მიდგომა FIZIC – ეს საკმაოდ მაღალავტორიტეტული ორგანოა, რომლის ხელშეკრულებები დადებულია ყველა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის კონტრაქტისას. საუბარია იმაზე, რომ FIZIC-ში აპრობირებული წესის გადმოღება მოვახერხოთ და ამავდროულად, გამოვიყენოთ ყველაზე სანდო მონაცემები, რაც ამ დროისთვის გვაქვს - ეს საქსტატის მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსია. ამ პრინციპის გამოყენებით შესაბამისი ინდექსაციის განხორციელებაა შესაძლებელი იმ კონკრეტულ სამუშაოებზე, რომელიც კოვიდპანდემიის შემდგომ გაფორმებულ კონრაქტებზე მოხდა და ამით გარკვეულწილად დავაბალანსოთ ის გადახარჯვები, რომელიც კომპანიას ჰქონდა.

ჩვენი კომპანიები, ყოველდღიურ რეჟიმში, კონტრაქტების შეჩერების კონსულტირების ნაწილში გვეკონტაქტებიან. კრიზისის პერიოდში კაპიტალური დანახარჯები ამ მიმართულებით ეფექტიანად უნდა განხორციელდეს, რადგან პროექტებში დახარჯული ფული ეკონომიკის გაჯანსაღების ყველაზე მოკლე გზაა“, - ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებლობის ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე ინფორმაციით, დარგი აღნიშნული რჩევებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მთავრობას მომდევნო კვირაში მიმართავს.

„ამ პირობებში, თუ კომპანიები არ გაწყვეტენ ხელშკრულებებს, მომავალში ისინი შესაძლოა, უარეს პირობებში აღმოჩნდნენ. იმედია მთავრობა გაითვალისწინებს მდგომარეობას და საკითხს დროულად განიხილავს“, - აღნიშნავს ანა საბახტარაშვილი.