მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზანი აქვს მედიკამენტების რეგისტრაციის ვადების გაზრდას? - ბიზნესს კითხვები აქვს

5eecf12f35808
ინგა მურუსიძე
19.06.20 23:20
1027
საქართველოში ახალი მედიკამენტების ხარისხის აღიარების პროცესს დღეს ერთი კვირა სჭირდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მედიკამენტების რეგულირების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, ახალი წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზრდება. საუბარია პროცესზე, როდესაც მედიკამენტის რეგისტრაციით დაინტერესებული კომპანიები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარუდგენენ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული მედიკამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეგულირების სააგენტოს მიერ არის ლიცენზირებული, რის საფუძველზეც მედიკამენტი “აღიარების რეჟიმის” ფარგლებში ერთი კვირის ვადაში, საქართველოშიც იღებს ლიცენზიას.

საკითხზე საუბრისას სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ თქვა, რომ 7-დღიანი ვადის 30 დღემდე გაზრდა აუცილებელია, რათა სამინისტრომ ახალი მედიკამენტის რეგისტრაციის განაცხადი უფრო დეტალურად შეისწავლოს. თავის მხრივ, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილებები გარკვეულწილად ბიზნესის ხელშესაწყობად კეთდება. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტის სამუშაო ვერსიას, განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მთავარი მოტივატორი ევროკავშირთან ჰარმონიზაციაა.

„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ეკატერინე ქავთარაძე ამბობს, რომ როცა საუბარია რეგულაციების გამკაცრებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ხმა ისმოდეს.

„ძალიან საინტერესოა თავად ცვლილებების შინაარსი. მგონია, რომ თუ ბიზნესი კომუნიკაციაში შევა მთავრობასთან, მთავრობას ექნება შესაძლებლობა სწორად გადახედონ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს. ფარმაციის ნაწილში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ცვლილება, რაც ბოლო 10 წელიწადში გაკეთდა, იყო აღიარებითი რეჟიმის შემოტანა მედიკამენტების რეგისტრაციის პროცესში, რაც ეხებოდა განვითარებული ქვეყნებიდან შემოტანილი მედიკამენტების რეგისტრაციას. წამლის რეგულირების სააგენტოს შეეძლო წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გაეცა დასკვნა. ამან ძალიან შეუწყო ხელი წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას. როცა ამ მიმართულებით ხდება ზუსტად ბიუროკრატიის გამკაცრება, მართლა გაუგებარია, რა შეიძლება იყოს ცვლილებების მიზანი“, - განაცხადა ქავთარაძემ.

კითხვაზე არის თუ არა ეს გადაწყვეტილება „მზრუნველობა ბიზნესზე“, ქავთარაძე პასუხობს, რომ „არ არის“.

ის ამბობს, რომ ცვლილების მეორე ნაწილით, თუკი აქამდე ბიზნესს შეეძლო არასწორი დოკუმენტაცია სურვილისამებრ არაერთხელ დაეკორექტირებინა, ცვლილებებით, დოკუმენტაციის დაკორექტირება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.

„ევექსის ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილე ფიქრობს, რომ ბევრი მსჯელობის მიუხედავად, ვერც ჯანდაცვის და ვერც ფარმაცევტული სექტორი ვერ ხვდება, რა მიზანი აქვს ცვლილებებს.

ქავთარაძემ აღნიშნულზე „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.