მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მნიშვნელობა აქვს ტაივანში პელოსის ვიზიტს და როგორ აისახა ის გლობალურ ბირჟებზე?

62ea4ebc2cdf5
გიორგი თოლორდავა
03.08.22 14:42
1419
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის აზიური ტურნე მიმდინარე კვირის ერთ-ერთი უმთავრესი გეოპოლიტიკური მოვლენაა, რომელსაც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ტაივანში პელოსის ვიზიტი ბოლო 25 წლის ყველაზე მაღალი რანგის საქმიანი შეხვედრაა, რაც, ბუნებრივია, კომუნისტური პარტიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

საქმე იმაშია, რომ ოფიციალური პეკინი ტაივანს არა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ, არამედ ჩინეთის ტერიტორიის ნაწილად აღიქვამს. „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკა კი ტაივანის ჩინეთის იურისდიქციაში გაერთიანებას მოიაზრებს. გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის მთავრობა, ჩინეთისგან განსხვავებით, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებლობას, შესაბამისად, ტაივანის საკითხი აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად რჩება.

ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენთან შეხვედრისას ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს ტაივანის მხარდაჭერას და სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას.

„ტაივანი ამბავი თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის შთაგონების ნამდვილი წყაროა. არასოდეს ყოფილა ტაივანისთვის აშშ-ის სოლიდარობა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა - ჩემი ვიზიტიც სწორედ ამ მხარდაჭერის დასტურია“, - განაცხადა პელოსიმ.

კონგრესის სპიკერმა აგრეთვე ხაზი გაუსვა აშშ-ტაივანის ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებითაც თანამშრომლობა უნდა გაღრმავებულიყო.

საგულისხმოა, რომ ტაივანში მაღალი რანგის შეხვედრა ჩინეთის საზღვაო ძალების სამხედრო წვრთნების პარალელურად მიმდინარეობდა, რომელიც ტაივანის საზღვრებიდან 80 კილომეტრში გაიმართა. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული მოვლენა მხოლოდ ძალის დემონსტრირებად უნდა იქნეს აღქმული და არც ესკალაციისა თუ პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რეალურ საფრთხედ.

რაც შეეხება ჩინეთის მხრიდან საპასუხო ქმედებებს, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გასაზრდელად, პელოსის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთის მთავრობამ 100-მდე ტაივანური ბრენდის და მათი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა. შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების უდიდესი ნაწილი კვების პროდუქტების სექტორშია წარმოდგენილი, მათ შორისაა: ჩაის, ტკბილეულის, თაფლის, ფუნთუშეულისა და ზღვის პროდუქტების ბრენდები.

გარდა ამისა, შეხვედრის ოფიციალურად გასაპროტესტებლად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი, ნიკოლას ბერნსი დაიბარა.

პელოსის ვიზიტს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე არაერთგვაროვანი ასახვა მოჰყვა. მართალია, აშშ-ჩინეთს შორის გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვა გლობალურ ბაზრებზე რისკების ზრდას იწვევს, თუმცა დაპირისპირებისა და ესკალაციის რეალურ საფრთხეს ინვესტორები ამჟამად ვერ ხედავენ.

საფონდო ინდექსების ცვლილება:

S&P 500 -0.67%
Nasdaq -0.16%
Dow Jones -1.23%
Asia Dow -0.20%
Nikkei 225 +0.53%
Hang Seng +0.40%
Shanghai -0.71%
Singapore +0.40%
Sensex +0.44%
ოქრო -0.45%
ნავთობი -1.08%
ბიტკოინი +2.75%
ეთერიუმი +5.37%

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაივანური კომპანიის - TSMC-ის თავმჯდომარე მარკ ლიუ. მისი განცხადებით, ჩინური სამხედრო ძალების ტაივანში შეჭრის შემთხვევაში, პლანეტის უმსხვილესი ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების საწარმო გაჩერდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით უმწვავეს კრიზისს გამოიწვევს.

ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტი ნახევარგამტარების გლობალური ბაზრის თითქმის 60%-ს აკონტროლებს, რაც მას განუზომელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გავლენას ანიჭებს. TSMC-ის შეუფერხებელი მუშაობა შედის როგორც ჩინეთის, ასევე აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში და აღნიშნული კომპანია ტაივანი-ჩინეთის დაპირისპირების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

ვრცლად ნახევარგამტარებისა და TSMC-ის მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში: „როგორ აღმოჩნდა მსოფლიო ნახევარგამტარების კრიზისის წინაშე და რატომ უნდა გვაღელვებდეს ჩიპების დეფიციტი?“.