ჩინეთის ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში ვალის მომსახურების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა და მან აშშ-ის მაჩვენებელს გადააჭარბა.
ოფიციალური მონაცემებით, 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში პეკინის მიერ პროცენტის სახით გადახდილმა თანხამ 341%-ით იმატა, რაც საბიუჯეტო ხარჯების ნებისმიერ სხვა კატეგორიასთან შედარებით ყველაზე სწრაფი ზრდაა.
Financial Times-ის მიერ გავრცელებული მონაცემებით, მიმდინარე წელს ვალის პროცენტის დაფარვაზე ჩინეთის ცენტრალური მთავრობის საერთო ბიუჯეტის 19.2% მიიმართება. ცნობისთვის, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა. ახლა უკვე ეს მაჩვენებელი აღემატება აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის 14%-იან წილს, თუმცა ჩამოუვარდება იაპონიის 25.6%-იან მაჩვენებელს.
და მაინც, ვალის ზრდის მიუხედავად, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება. ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე აშშ-ის ეკონომიკური ზრდა ჩქარდება, უმუშევრობის დონე დაბალია, ხოლო საფონდო ინდექსები რეკორდულ მწვერვალებს აღწევენ. ამის საპირისპიროდ, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი ნელდება და არსებობს რისკი, რომ ქვეყანამ წლის მიზნობრივ 4.5%-5%-იან მაჩვენებელს ვერ მიაღწიოს. სუსტია შიდა მოხმარება და ინვესტიციები, უძრავი ქონების სექტორი კვლავ კრიზისშია, ხოლო სავაჭრო პარტნიორები ჩინურ ექსპორტზე ბარიერებს აწესებენ.
Capital Economics-ის შეფასებით, კერძო და სახელმწიფო სექტორის საერთო ვალი მშპ-ის 300%-ს აჭარბებს, მაშინ როდესაც აშშ-ში ეს მაჩვენებელი 265%-ს შეადგენს. ჩინეთისთვის დიდი ვალი განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკური თეზისი სწრაფი ზრდის ნარატივზე დგას, რომლის გარეშე ინვესტორები ჩინეთის მიმართ ნდობას დაკარგავენ და ზრდისათვის აღებული ვალი მალევე იქცევა შემაფერხებელ ტვირთად.
























