აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა სამოქალაქო უწყებების და საჯარო ინსტიტუტების IT სისტემებიდან ჩინური AI-მოდელის, DeepSeek-ის ამოღების ბრძანება გასცა.
ამიერიდან აშშ-ის სამოქალაქო სამთავრობო სააგენტოებს ჩინური კომპანიის პროდუქტების და მესამე მხარის სერვისების შეძენა სრულად ეკრძალებათ.
უწყების განცხადებით, DeepSeek-ის მოდელები კიბერუსაფრთხოებისთვის მრავალმხრივ საფრთხეს შეიცავენ. დეპარტამენტის პოზიციით, ამერიკელი საჯარო მოხელეების ან მომწოდებლების მიერ ამ პროდუქტის გამოყენებამ, შესაძლოა, სენსიტიური მონაცემების ჩინეთის მთავრობისთვის გადაცემა გამოიწვიოს, რაც დაუშვებელია.
დეპარტამენტის წარმომადგენელთა შეფასებით, სისტემას ამერიკის მოქალაქეებზე და სამთავრობო უწყებებზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება შეუძლია, ამიტომ ის სრულად უნდა იქნეს ამოღებული ყველა საჯარო სისტემიდან.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანალოგიური შეზღუდვები აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა უკვე დააწესეს.
ექსპერტების შეფასებით, ეტაპობრივად, აშშ-ის მთავრობა უკლებლივ ყველა ჩინურ AI-მოდელს აკრძალავს და ქვეყანაში მხოლოდ ამერიკული მოდელების გამოყენება იქნება დასაშვები.
























