ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქვეყნის ელექტროსისტემაში გარკვეული უცხოური აღჭურვილობის გამოყენება აკრძალა.
თეთრი სახლის განცხადებით, შესაბამისი განკარგულება უცხოური წარმოების მაღალი ძაბვის სისტემებისგან მომდინარე უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება. ტრამპის აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის მხრიდან მომდინარე ტექნოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ვაშინგტონის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.
როგორც ირკვევა, ახალი ბრძანებულებით აშშ-ში იკრძალება უცხოური წარმოების ისეთი ელექტროაღჭურვილობის, კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული სისტემების შესყიდვა თუ მონტაჟი, რომლებმაც შესაძლოა კიბერუსაფრთხოებასა და ოპერაციულ საქმიანობას საფრთხე შეუქმნან. ამასთან, დონალდ ტრამპმა ენერგეტიკის მინისტრს დაავალა, უკვე დამონტაჟებული აღჭურვილობის გამოყენებაზე შესაბამისი შეზღუდვები დააწესოს.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, უცხოური მიწოდების ჯაჭვები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს.




























