მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოლოდინები აქვთ Galt&Taggart-ში წელს FDI-ის მოზიდვაზე

5f2452a7e3df2
თამთა ჯიჯავაძე
31.07.20 23:40
1139
წლევანდელ წელზე პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ერთი მხრივ მოსალოდნელი არჩევნებია.

„საქართველოში ძალიან კარგია, რომ ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობთ, თუმცა, ერთი მხრივ, წელს საარჩევნო წელია და შეიძლება ინვესტორს რომც უნდოდეს, თავი შეიკავოს, სანამ არჩევნები არ ჩატარდება. ამ მხრივ წლევანდელ წელზე პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, რომ რაც დაანონსებულია, რაზეც მუშაობა მიდის, იგივე ახალი შეღავათების პაკეტების შეთავაზება ინვესტორებისთვის, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი კომპონენტია სამუშაო ძალის გადამზადება, ეს თუ ასე განხორციელდება, ვფიქრობ, რომ 2021 წლისთვის რაღაც პოზიტიურ ცვლილებებს დავინახავთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც გვინდა, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ უცხოური ინვესტიციები, ღონისძიებებიც უნდა იყოს ძალიან მასშტაბური.

„რასაც ვხედავთ შეცვლილი არის ამ კუთხით ვითარება და მხოლოდ იმაზე არ მიდის საუბარი, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გვაქვს. სტრატეგიული მდგომარეობა შეცვლილია  დადებითი მიმართულებით, თუმცა, შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს და თუ გვინდა, რომ ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდოს, აქაც შეიძლება ჩავდოთ დამატებით სტიმულები“, – დასძინა Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა.

ხოლო თუ რა შეიძლება იყოს ეს სტიმულები, ბოჭორიშვილი პასუხობს:

„ჩვენ რაც გვაქვს გაწერილი, ესაა საგადასახადო შეღავათები, ხელშეწყობა ინფრასტრუქტურის კუთხით, სამუშაო ძალის გადამზადება და აქ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი რანგის თანამდებობის პირების მხრიდან უშუალოდ კომუნიკაცია და მათგან ხედვების გაზიარება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს აგრესიული კომუნიკაცია მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან, მათ შორის შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრიც“.