მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდა გასულ კვირას? – TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

6252d7914b8bf
ირაკლი მაკალათია
10.04.22 17:27
1333
გთავაზობთ გასული კვირის (4-9 აპრილი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 2022 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა
2. ADB-ის, Galt&Taggart-ისა და თიბისი კაპიტალის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
3. ევროკავშირის რეგულაციები და რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული მორიგი სანქცია
4. საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიში
5. მარტის ტურიზმის სტატისტიკა
6. მთავრობის სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსიაა დარეგისტრირებული
7. მთავრობის დახმარება სამშენებლო და ტურისტულ სექტორს
8. რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
9. საქართველო EBRD-თან სასესხო შეთანხმების მეორე ტრანშს გააუქმებს
10. 2021 წელს მთავრობამ შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე რეკორდული თანხა დახარჯა


1. 2022 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა

2022 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა (17.8% ინფლაცია), სადაც ფასების ზრდა წლიურ ინფლაციაზე 5.69 პროცენტული პუნქტით აისახა, ასევე ტრანსპორტის ჯგუფში (21.6% ინფლაცია) ფასების ზრდა 2.6 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისიდან მიმდინარე წლის მარტამდე, მუდმივად ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3r7oIlh ; https://bit.ly/3rabKDC 


2. ,,ADB''-ის, ,,Galt&Taggart''-ისა და თიბისი კაპიტალის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აქვეყნებს აზიის განვითარების ბანკი (ADB), რომლის გათვლებითაც 2022 წლის ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება, ამასთან საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომ საბიუჯეტო თანხები გააზრებულად დახარჯოს. Galt&Taggart-ის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა 3-დან 6%-მდე იქნება, თუმცა ეს პროგნოზი ცვალებადია და ტურიზმის აღდგენაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, რაც შეეხება თიბისი კაპიტალის პროგნოზს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5-4.0%-ს მნიშვნელოვნად აღემატება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას ვარაუდობს.  

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3NWDXHS ; https://bit.ly/35VQBWk ; https://bit.ly/3M7rpf5 

3. ევროკავშირის რეგულაციები და რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული მორიგი სანქცია 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი ოფიციალურად მიიღო, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან ქვანახშირის, ხე-ტყისა და სხვა პროდუქტების იმპორტი იკრძალება, რაც წლიურად დაახლოებით 4.3 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენს. ასევე, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს სავაჭრო ბირჟებზე აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაცია აეკრძალებათ, ხოლო რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშეს. ამასთან, სანქცირებულ მოქალაქეებს რუსეთის 200-ზე მეტი მოქალაქე დაემატა, რომელთაც აქტივებს გაუყინავენ, შედეგად ევროკავშირმა რუს და ბელარუს ოლიგარქებს ჯამში 32 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების აქტივები გაუყინა. ახალი პაკეტით, ასევე ვროკავშირის პორტებთან წვდომა აეკრძალებათ რუსეთის გემებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jlZJGH ; https://bit.ly/37aFEk9 ; https://bit.ly/37y2JwY 


4. საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიში

საქართველოს საპენსიო სააგენტოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 2.22 მილიარდი ლარი, სადაც მოქალაქეების მიერ შეტანილ დანაზოგზე 318 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა. ანგარიშში წერია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეალური სარგებელი ინფლაციას 3.15%-ით უსწრებს, ასევე საპენსიო ფონდმა დოლარის შესყიდვა დაიწყო და ამ დროისთვის საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3reTGbg ; https://bit.ly/3xh4RUO ; https://bit.ly/3jjYojB 

5. მარტის ტურიზმის სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით 2022 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 266.3%-ით გაიზარდა, თუმცა 2019 წლის მაჩვენებლის 34.1%-ია. მარტში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა (42 421 ვიზიტი), შემდეგ მოდის რუსეთი (22 536 ვიზიტი) და სომხეთი (21 990 ვიზიტი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3NYBMn4 ; https://bit.ly/3703gbr ; https://bit.ly/3jlzG2q 


6. მთავრობის სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსიაა დარეგისტრირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებულ სოციალურად დაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია. შემოსულია 15 000-ზე მეტი აპლიკაცია, ხოლო 3 000 პირი კი უკვე დაკონტრაქტდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xfIGOJ ; https://bit.ly/3JqPwnc ; https://bit.ly/3LShARP 


7. მთავრობის დახმარება სამშენებლო და ტურისტულ სექტორს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამშენებლო დარგის წახალისების მიზნით მთავრობა ბიზნესს 1.5-2 მლრდ ლარის პროექტებს შესთავაზებს, ხოლო დეტალური ინფორმაცია 1 კვირაში იქნება წარმოდგენილი. ასევე, ტურისტულ სექტორს ფინანსური მხარდაჭერის მიზნით 2021 წლის ქონების გადასახადს ჩამოაწერენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Jq3Nk0 ; https://bit.ly/3xl8Tvl 

8. რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

"რეცეპტების რეფორმის" ფარგლებში 11 აპრილიდან ექიმები ვალდებულები იქნებიან მედიკამენტები მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერონ. თავად აფთიაქებიც ვალდებულები იქნებიან გენერიკული რეცეპტით მისულ მომხმარებლებს, სამი ყველაზე დაბალი ღირებულების ალტერნატივა შესთავაზონ, ხოლო მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინონ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3JqTKuW 


9. საქართველო EBRD-თან სასესხო შეთანხმების მეორე ტრანშს გააუქმებს

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტის მიხედვით, EBRD-თან გაფორმებული 90 მილიონი ევროს კრედიტიდან, საქართველო 55 მილიონი ევროს სესხს აღარ აიღებს. აღნიშნული სესხი მიმართული უნდა ყოფილიყო ნენსკრაჰესთან დასაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობისთვის, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობის მიზანი აღნიშნული ფინანსების საკუთარი კაპიტალით დამოუკიდებლად მოზიდვაა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3v1TpcW 


10. 2021 წელს მთავრობამ შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე რეკორდული თანხა დახარჯა

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2021 წელს სახელმწიფო აპარატის შენახვა 2.01 მილიარდი ლარი დაჯდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 165.7 მილიონი ლარით აღემატება. ასევე, რეკორდულად არის გაზრდილი შტატგარეშეთა ანაზღაურება, რამაც გასულ წელს 359.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3JEB7UB ; https://bit.ly/3Kx06u4 ; https://bit.ly/37CdZbX