მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პერსპექტივა აქვს "საქართველოს რკინიგზას", სამგზავრო ნაწილი სხვა კომპანიას გადააბაროს?

61e0044f4e9c3
დავით ჯალაღონია
13.01.22 16:05
1016
საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე კერძო ოპერატორების დაშვება გასული წლების განმავლობაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა არაერთხელ განიხილეს.

მაგალითად, 2018 წელს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მთავრობა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ოპერირებაში კერძო კომპანიების დაშვების მოდელზე მუშაობდა, თუმცა ამ პროცესს შედეგი არ ჰქონია.

ამის შემდეგ, 2020 წელს ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ სახელმწიფოს რკინიგზასთან მიმართებით შეუძლია სხვადასხვა კონფიგურაციის საპრივატიზებო პაკეტი შექმნას, მათ შორის სრულად შეინარჩუნოს საკუთრება რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე, ხოლო მისი მართვა ან ტვირთების გადაზიდვა კერძო ოპერატორებს გადააბაროს. მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრი აღარ არის და ამ ხედვებს რა გაგრძელება მოჰყვა, უცნობია.

2021 წელს ამჯერად "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გააკეთა განცხადება ამ თემაზე. მისი აზრით, "საქართველოს რკინიგზის" სრული გასხვისება არ უნდა მოხდეს, თუმცა მისი გაყოფა შესაძლებელია.

რეალურად, რამდენად მიმზიდველია "საქართველოს რკინიგზის" ინფრასტრუქტურა კერძო სექტორისთვის, რომ რკინიგზის რომელიმე სერვისი, თუ სისტემა მართვაში გადაიბაროს, ამის შესახებ BMG "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელს პაატა ცაგარეიშვილს ესაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ დღეს რკინიგზის ამა თუ იმ ფორმით გასხვისება დღეს ნაკლებად შესაძლებელია.

"დღესდღეობით, რკინიგზის განშტოებებზე ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე ოპერატორი შემოვიდეს და მიიღოს ის მოძრაობის სიჩქარეები, გადაზიდვის სიჩქარეები, რაც დააკმაყოფილებს მგზავრს. ხოლო იმ ძირითად მიმართულებაზე, სადაც "შტადლერის" მატარებლები მოძრაობენ, მხოლოდ მანდ თუ შევქმნით კონკურენციას, აქ შესაძლებელია დავაინტერესოთ და შემოვიდნენ სხვა ოპერატორები, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ სხვადასხვა მიმართულებაზეც მოიკიდონ ფეხი სხვა ოპერატორებმა. ეს დღეს არარეალურად მეჩვენება, რადგან ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, პირველ რიგში, ლიანდაგის, არ არის კონკურენტუნარიანი სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან", - განმარტა პაატა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, "საქართველოს რკინიგზამ" მოდერნიზაციის პროექტი 2011 წელს დაიწყო. სამუშაოების 86% 2019 წელს დასრულდა. როგორც Forbes Talks-თან ინტერვიუში რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განმარტა, სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.