მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარკინიგზო მოძრაობა წელს დაჩქარდება - რატომ გაჭიანურდა მოდერნიზების პროექტი?

64882fa53a58a
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.23 14:00
9303
თბილისიდან ბათუმში მატარებლით ჩასვლას დღეს 5 საათზე მეტი ესაჭიროება. მგზავრობის ხანგრძლივობაზე ყველაზე დიდი გავლენა დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საუღელტეხილო მონაკვეთს აქვს, სადაც მატარებლები მაქსიმუმ 30-35 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებიან. საქართველოს რკინიგზის გამტარიანობის გაზრდისთვის 2011 წლიდან მიმდინარეობს მოდერნიზების პროექტი, რომელიც ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთის ახალი მაგისტრალის გაყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს რკინიგზის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული პასუხის მიხედვით, პროექტის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

ამ პროექტის ფარგლებში 23 კილომეტრის სიგრძის არსებულ მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო 38 კილომეტრის ახალი მონაკვეთი დაიგო. მათ შორის გაიჭრა 8.3 კილომეტრის სიგრძის ახალი გვირაბი. თუმცა, ამ პროექტის უმთავრესი პრობლემაა ის, რომ ის რამდენიმე წლის ვადაგადაცილებით მიმდინარეობს. ახალი მაგისტრალი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა მისი მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. დასრულების შემდეგ, რკინიგზის თეორიული გამტარიანობა ამჟამად არსებული წლიური 24 მილიონი ტონიდან, 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

BMG-იმ საქართველოს რკინიგზას მიმართა კითხვებით, თუ რამ განაპირობა პროექტის ვადაგადაცილება. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი პროექტის დიზაინში არსებული ხარვეზი იყო, რის გამოც მასში რიგი ცვლილებები შევიდა. კერძოდ კი, თავდაპირველი პროექტით, გვირაბი ერთდროულად ორ მატარებელს ვერ გაატარებდა, განახლებული დიზაინით კი მასში ორმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი. დიზაინის ცვლილებასთან ერთად, საქართველოს რკინიგზა პროექტის გაჭიანურების მიზეზად კოვიდ პანდემიას, ასევე მოლითის სადგურის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებას ასახელებს.

ვადაგადაცილების მიუხედავად, პროექტისთვის გამოყოფილი 248 მილიონი შვეიცარული ფრანკი ჯერ სრულად არაა ათვისებული.

საქართველოს რკინიგზის პასუხები:

1. როდის დასრულდება ამ პროექტის მშენებლობა?

მოდერნიზაციის პროექტის ძირითადი ნაწილის დასრულება (მატარებელთა მოძრაობის სრულად გახსნა) დაგეგმილია 2024 წელს.

2. გვაინტერესებს სამუშაოების რა ნაწილი არის ამ დროისთვის უკვე დასრულებული?

ამ დროისთვის შესრულებულია სამუშაოების დაახლოებით 96%. სხვადასხვა ობიექტზე დარჩენილია მოსაპირკეთებელი და დამასრულებელი სამუშაოები.

3. პროექტისთვის გათვალისწინებული 260 მილიონი შვეიცარული ფრანკის რა ნაწილია ამ დროისთვის ათვისებული?

2020 წელს შეთანხმების შედეგად მოდერნიზაციის პროექტის საერთო ღირებულება შემცირდა 12 მილიონი შვ. ფრანკით და გახდა 248 მლნ. შვ. ფრანკი. 248 მლნ. შვ. ფრანკიდან დღეისათვის ათვისებულია 239 მლნ. შვ. ფრანკი.

4. რამ განაპირობა ამ პროექტის მშენებლობის გაჭიანურება?

პროექტის ვადების გადაწევა გამოწვეულია მრავალი მიზეზით - 2010 წელს მომზადებულ დიზაინში არ იყო გათვალისწინებული სხვადასხვა დეტალი (დიზაინში მხოლოდ ერთლიანდაგიანი დიდი გვირაბი იყო გათვალისწინებული, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა, ასევე გამოიკვეთა სამშენებლო და საერთო უსაფრთხოების პრობლემები, გასასწორებელი აღმოჩნდა სხვადასხვა ტექნიკური პარამეტრი, ტრასა გადიოდა დასახლებულ პუნქტებში; რამდენიმე ლოკაციაზე აუცილებელი გახდა ახალი დიზაინის მომზადება), საკანონმდებლო ცვლილებები (მაგალითად: მშენებლობის პერიოდში მოლითის სადგურის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა პროექტი, აუცილებელი გახდა მასშტაბური საპროექტო ცვლილებების შეტანა), გაუთვალისწინებელი მოვლენები (დამატებითი გამოსყიდვები, კოვიდ პანდემია და ა.შ). გარდა ამისა, სამუშაოების შეფერხება გამოიწვია ზვარეში მომხდარმა დიდმა მეწყერმა, რის გამოც, აუცილებელი გახდა ტრასის მიმართულების შეცვლა და მისი მდინარის მეორე მხარეს გადატანა.

5. ამჟამად რა სამუშაოები არის დარჩენილი?

ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად დასრულებულია ზესტაფონი-ხარაგაულის უბანი. სამუშაოები მიმდინარეობს ხაშური-მოლითის უბნის ქვიშხეთი-მოლითის მონაკვეთზე (მიწის ვაკისის მომზადება, ლიანდაგის და სხვა ინფრასტრუქტურის სამონტაჟო სამუშაოები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟი, სიგნალიზაციის და ცენტრალიზაციის სამუშაოები და სხვა).

დასრულებულია ქვიშხეთის და ძირულას სადგურები, მალე დაიწყება სადგურ მოლითის
მშენებლობა.

მიმდინარეობს ქვიშხეთის ქვესადგურის მშენებლობა, ასევე მოლითისა და ზესტაფონის ქვესადგურების რეკონსტრუქცია,"- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის პასუხში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები