საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია, საიდანაც 3-ში მატარებელი სტაბილურად მოძრაობს, 3-ში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლითაც პრემიერი 28 ივნისს პარლამენტში გამოვა.
„სს „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, დასრულებულია აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ყველა (ჯამში, 6) გვირაბის მშენებლობა. მათ შორის, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც 8300 მ-ს შეადგენს. 3 გვირაბში (ხარაგაული-ძირულა-შოროპანი) უკვე მოძრაობს მატარებლები. დარჩენილ 3 გვირაბში (ხაშური-მოლითი) მიმდინარეობს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის დამასრულებელი სამუშაოები, მათ შორის, დარჩენილია მეცხრე გვირაბის უსაფრთხოების სისტემის მოწყობა. სრულად დამთავრებულია სამუშაოები ზესტაფონი-ხარაგულის მონაკვეთზე. ამასთან, დასრულდა და ექსპლუატაციაში მიღებულია ძირულისა და ქვიშხეთის ახალი, თანამედროვე სადგურის შენობები და სხვა სასადგურე ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვიშხეთი-მოლითის მონაკვეთებზე მიწის ვაკისის და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშაოები. სრულდება ქვიშხეთის ქვესადგურის მშენებლობა. ასევე ბოლო ეტაპზეა მოლითის სადგურის მშენებლობისა და ზესტაფონისა და მოლითის ქვესადგურების რეკონსტრუქციის სამუშაოები“, - ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეისათვის დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების, დაახლოებით, 95% და 2024 წლის მაისიდან სარკინიგზო გადაზიდვები სატესტო რეჟიმში აღდგა.
ანგარიშიდანვე ვიგებთ, რომ საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების კვლევა დასრულდა. მის ფარგლებში, საქართველოს სარკინიგზო სისტემის არსებული მდგომარეობა შეფასდა, მომზადდა ბაზრის ანალიზი სამგზავრო და სატვირთო სარკინიგზო მომსახურების მოთხოვნის თაობაზე და ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების მიზნით, შედგენილ იქნა სარკინიგზო ქსელის გეგმა, ეკონომიკურ-ფინანსური სარგებლიანობისა და სოციალურ-ეკოლოგიური ზეგავლენის შეფასებების გათვალისწინებით.
"გაგრძელდება მუშაობა ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების TEN-T-ის საინვესტიციო გეგმის შესრულების გზით", - ნათქვამია ანგარიშში.