მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზამ 247,000 ლარის ხელშეკრულება უსაფუძვლოდ გააფორმა - აუდიტის სამსახური

6414805e450fa
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.23 19:25
781
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს “საქართველოს რკინიგზის” 2020-2021 წლების შესყიდვების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის სამსახურის შეფასებით, რკინიგზამ 2021 წელს გამოცხადებულ 247,780 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში გამარჯვებული უსაფუძვლოდ გამოავლინა და მასთან კონტრაქტიც ასევე უსაფუძვლოდ გააფორმა.

“პრეტენდენტისთვის გამარჯვებულის სტატუსის უსაფუძვლოდ მინიჭება

2021 წელს გამოცხადებული 247,780 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერის შესყიდვის საგანს წარმოადგენდა უნიფორმების შესყიდვა. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა დაზუსტებული ფასების ცხრილში ორ პოზიციაზე შეცვალა მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა. კერძოდ, თავდაპირველ ეტაპზე შემოთავაზებული ირლანდიური კომპანია PORTWEST-ის წარმოებული ჩაფხუტი და ხმაურის დამხშობი დაზუსტებულ ფასების ცხრილში შეცვალა თურქული კომპანია ESSAFE-ის მიერ წარმოებული საქონლით. სატენდერო კომისია ვალდებული იყო, ტექნიკური დოკუმენტაციის არსებითი ცვლილების გამო მოეხდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რაც არ განახორციელა და შპს „ნუტას“ გაუფორმა 92,642 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება.

ამასთანავე, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს. კერძოდ, შპს „ნუტას“ მიერ წარმოდგენილი გარანტია, სატენდერო პირობებით მოთხოვნილი აშშ დოლარის ნაცვლად, გაცემული იყო ლარში. აღნიშნული შეუსაბამობა წარმოადგენდა დისკვალიფიკაციის მეორე საფუძველს, რაც შემსყიდველს არ განუხორციელებია.

დასკვნა: სს „საქართველოს რკინიგზამ“ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, დაზუსტების ეტაპზე არსებითად შეცვლილი სატენდერო წინადადების გამო, არ განახორციელა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია და გაუფორმა 92,642 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზამ 2020-2021 წლებში 256.7 მილიონის 761 შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.

ამავე პერიოდში თავად რკინიგზის ფინანსური შედეგი ასეთი იყო:

2020 წელი - შემოსავალი 489 მილიონი ლარი, ზარალი 164.6 მილიონი ლარი;
2021 წელი - შემოსავალი 548 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 52.7 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები