მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GR:"TI-ს გამოქვეყნებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება"

საქართველოს რკინიგზა
10.11.23 16:13
40

"საქართველოს რკინიგზა" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ანგარიშს გამოეზმაურა და განცხადებაში განმარტა, რომ ელმავლების ტენდერთან დაკავშირებით მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

TI-ს თანახმად, 184 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი, სავარაუდოდ, მორგებულია, რადგან მასში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ "საქართველოს რკინიგზაში" განმარტავენ, რომ ელექტრონული ტენდერი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა.

"განვმარტავთ, რომ განცხადებაში ციტირებული საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტი (ТР ТС) ეხება 1520 მმ რელსზე მოძრავ სარკინიგზო შემადგენლობის უსაფრთხოების ნორმებს და აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობის დამადასტურებელი პროცედურის გავლისა და სერტიფიკატის მიღება შეუძლიათ, მათ შორის იმ ქვეყნების მწარმოებლებსაც, რომლებიც არ არიან გაერთიანებული აღნიშნულ საბაჟო კავშირში. გამომდინარე აქედან, ის ფაქტი, რომ საბაჟო კავშირის შემადგენლობაში არ შედის ესა თუ ის ქვეყანა, არ ზღუდავს აღნიშნული ქვეყნის მწარმოებლებს მიმართონ ზემოთნახსენებ ორგანოს რეგლამენტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ამდენად, ბრალდება იმის შესახებ, რომ საქართველოს რკინიგზამ დაავიწროვა ელმავლების მწარმოებელი ქვეყნების წრე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

სიმართლეს არ შეესაბამება ასევე განცხადება იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს რკინიგზა ითხოვს რუსულ სერტიფიკატს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზა თანამეგობრობის ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს წევრია. აღნიშნული საბჭო არ არის "დსთ," როგორც ეს განცხადებაშია მითითებული, არამედ წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების კოორდინაციის მიზნით შექმნილ საბჭოს, რომლის ასოცირებული წევრები საქართველოსთან ერთად, მათ შორის, არიან: ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის რკინიგზები. ამავე საბჭოს რეგლამენტებით მოთხოვნილია მთელი რიგი სარკინიგზო პროდუქციის (მათ შორის, ელმავლების) სავალდებულო სერტიფიცირება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. აღნიშნული შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ აკრედიტებულ ორგანოებს, რომელთა ჩამონათვალიც დამტკიცებულია ამავე საბჭოს მიერ. აღნიშნულ ნუსხაშიც კი რეგისტრირებული არიან სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტებული ორგანოები და ამდენად, არ არსებობს არანაირი ნორმა, რომელიც შეზღუდავს ამა თუ იმ ქვეყნის მწარმოებელ კომპანიას მიმართოს ხსენებულ აკრედიტებულ ორგანოებს და აიღოს შესაბამისობის სერტიფიკატი", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, ელმავლებმა თბილისი-მარაბდა-კარწახის უბანზე უნდა იმოძრაონ. ტენდერში მიმწოდებლებს წინადადების წარდგენა 3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე შეეძლებათ, ხოლო გამარჯვებულმა ელმავლები 2024 წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები